თეგი: გადაუდებელი დახმარება
ჯანდაცვის სამინისტრო: გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას გარკვეული დასახელების მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცემა
"ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები, აუცილებლობის შემთხვევაში, ურეცეპტოდ გაიცემა", - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "კაპტოპრილი, დექსამეტაზონი, ეპინეფრინი, ფუროსემიდი, გლუკოზა, ინსულინი, სალბუტამოლი, ნიფედიპინი, ამიოკორდინი, ატროპინი, დიფენჰიდრამინი, გლიბენქლამიდი, მეტფორმინი, მეტოპროლოლი, პრედნიზოლონი, ნიტროგლიცერინი, ნალოქსონი და სხვა დასახელების მედიკამენტის შეძენა, აუცილებლობის შემთხვევაში, რეცეპტის გარეშეც არის შესაძლებელი. აღნიშნული გამონაკლისი, მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება, რომლის რეცეპტიც პირველი მარტიდან, მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება. რეცეპტის გარეშე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან. მსგავსი ტიპის პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია იხილეთ ამ ბმულზე.
ჯანმომ უკრაინას, სასწრაფო დახმარების 26 ავტომანქანა გადასცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიურომ უკრაინას, სასწრაფო დახმარების 26 მანქანა გადასცა. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე მითითებით იუწყება. 26 სასწრაფო დახმარების მანქანა ომის დროს ჯანდაცვის სფეროში პაციენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული. „6 მანქანა პაციენტების გადასაყვანად მზადყოფნაშია, ხოლო 20 რეანიმაციული მანქანა, აღჭურვილია ჟანგბადის ავზებით, დეფიბრილატორებით, ვენტილატორებით და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით, რომლებიც მძიმედ დაშავებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის საშუალებას იძლევა“, - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან ჯანმო-მ და მისმა პარტნიორებმა უკრაინას სასწრაფო დახმარების 30-ზე მეტი მანქანა გადასცეს. „2023 წლის განმავლობაში მეტის მიწოდება იგეგმება. შემოწირულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი“, - ნათქვამია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.