თეგი: გარემოვაჭრეები
კახა კალაძე გარევაჭრობის საკითხზე: არავინ გიშლით ამ საქმიანობას, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმაში
გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ, თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას სხვა მოვაჭრეების მსგავსად, კანონით ნებადართულ სივრცეში, ცივილური ფორმით განაგრძობენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის აკრძალვის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კანონდარღვევასა და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, გარემოვაჭრეებს კი მუნიციპალიტეტის თუ ბაზრობის ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. „მინდა, შევეხო გარე ვაჭრობის თემას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ კონკრეტულ სივრცეებში, სადაც ვაჭრობა დაშვებული არ არის, ეკონომიკური საქმიანობის წარმოება მოხდეს. ასეთი ფაქტი გვქონდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ბევრი წერილი მოდიოდა მოქალაქეების მხრიდან, რომ იმ ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელი იყო. პარალელურად, დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება, რომლის შედეგად, საფეხმავლო გზები მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა ჯებირები, რომ ფეხით გავლა უსაფრთხო იყოს. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, რომელთაც ტროტუარები ჰქონდათ დაკავებული, მოხდა მათი გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმოდეს და არ ვხედავდეთ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს ქვეყანაში. ძალიან კარგად მესმის ყველას მდგომარეობა, ყველაფერს ვითვალისწინებ, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია, რადგან დიდ დისკომფორტს უქმნის სხვა მოქალაქეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაუშვებელია, ყველა სახის პროდუქცია ერთად, გარე სივრცეში იყიდებოდეს. „არავინ გიშლით ამ საქმიანობას, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან?! მათ არ უჭირთ?! ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისთვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ ოჯახებში?! რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან. კარგად ესმით, რომ არ შეიძლება გარეთ ვაჭრობა და ყველაფერი ერთად იყიდებოდეს – ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები – ყველი, ხორცი. ეს ნორმალურია?! ამიტომ, ეს ვერ იქნება დაშვებული“, – განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ ბაზრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისა და გარემოვაჭრეების სათანადო პირობებით უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბაზრობის დირექციას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რათა მოგვცეს შესაძლებლობა, გარე მოვაჭრეებისთვის გამოყოფილიყო შესაბამისი სივრცე და მათ ნორმალურ პირობებში მუშაობა შესძლებოდათ. მათ აქვთ საშუალება, თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე განაგრძონ. ასე რომ, ეს დამოკიდებულება იქნება ყველგან. სივრცეებში, სადაც აკრძალულია გარევაჭრობა, ამას ვერ დავუშვებთ. წესრიგი მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი საქმიანობით სხვას ხელი არ უნდა შევუშალოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გორში გარემოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს
გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს. გორში გარემოვაჭრეები დახლების აღებას აპროტესტებენ „ჩვენ ყველა გზებით შევეცდებით მაგათ დაცვას, მათ შორის სამართლებრივი გზებით, იქნება ეს სასამართლოს გზა; თუ იქნება საჭიროება, საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და იქ დავადგენთ, ეს ნორმა რამდენად არის კონსტიტუციური, რადგან გვგონია რომ ეს ხალხი არის ბოლომდე მართალი“, – აცხადებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი ბადრი გრიგალაშვილი. შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში შესთავაზა, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. მერიის შეთავაზებას გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან. ასევე წაიკითხეთ: გორის ქუჩებიდან გარევაჭრობის დახლები აიღეს
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების უნებართვო კონსტრუქციები აიღეს
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე. ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, რის შემდეგაც ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა. „მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, ახლომდებარე ბაზრობებზე სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. ისინი სპეციალური საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ“, – აცხადებენ მერიაში.
კახა კალაძე: თბილისის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ
დედაქალაქის მერია გარევაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს განაგრძობს და გარემოვაჭრეებს მოწესრიგებულ ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ. „ბოლო პერიოდში თბილისის მერიამ განახორციელა ღონისძიებები მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, რაც კანონით დაუშვებელია. ქალაქში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც გარევაჭრობა ხდება. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. იგივე იყო სამგორში, გლდანში. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეებს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეც მისცა შესაბამისი გაფრთხილება და შეთავაზება, რომ ათი დღის ვადაში, ბაზრობების შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. გარკვეული ნაწილი ამას დათანახმდა, თუმცა, იყო დარჩენილი ადამიანები, ვინც საქმიანობას ბაზრობის გარეტერიტორიაზე განაგრძობდა. კარგად მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ და ვინც იქ დგას, დალხენილი არავინაა. ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, ცივილური ფორმით. მინდა, ბაზრობის ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან მათ გარემოვაჭრეების ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ტენდენციას განვაგრძობთ და მსგავსი სივრცეები კანონის შესაბამისად მოწესრიგდება“, – განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. ასევე დედაქალაქის მერმა უკანონო მშენებლობების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო მიწების მიტაცების შესაძლებლობას არავის მისცემს. „რამდენიმე დღის წინ სამგორის რაიონში ჩვენმა სამსახურებმა განახორციელეს დემონტაჟი იმ მშენებარე ნაგებობების, რომელიც სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ არის განთავსებული. სახელმწიფო მიწების მიტაცების ფაქტები გრძელდება. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ. შემდეგ გამოდიან და სპეკულირებენ სოციალურად დაუცველის სტატუსით. ასეთ ოჯახებს ვეხმარებით და ჩვენი პროგრამებით გვერდით ვუდგავართ. ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველვყოფთ საცხოვრებელი ფართებით. თუ სტატუსი არ აქვთ მიღებული, შესაძლებლობა აქვთ, ქირით გავიდნენ, რასაც ჩვენ ვიხდით. ყველას დავეხმარებით, ვისაც მართლა უჭირს და ჩვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ მიწების მიტაცების და იქ უკანონო შენობების განთავსების საშუალებას არავის მივცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, ვაგზლის მოედანზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ვაგზლის მოედანზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვდა დახლების გაშლა და საქმიანობის გაგრძელებაა. ამასთან, გარემოვაჭრეებს „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზა ჰქონდათ გადაკეტილი. "მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილას არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ცნობისთვის, ათი დღის წინ, მერიის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, დახლები აეღოთ და მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილას გადასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილეს, რომ დაჯარიმდებოდნენ.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტრო „სადგურის მოედანთან“ და „დეზერტირების ბაზართან“ გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტრო სადგურის მოედნის და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. შესაბამის ინფორმაციას „მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. „მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, გახშირდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლის და ტრანსპორტის მოძრაობისათვის ხელისშეშლის ფაქტებიც. აგრეთვე ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობიდან გამომდინარე ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც ფიქსირდებოდა. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს დედაქალაქში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობის კონტროლს, სხვადასხვა კონსტრუქციების და ნაგებობების უკანონო განთავსებით იერსახის დამახინჯების მონიტორინგსა და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვის აღკვეთას. უკვე არაერთი ღონისძიება წარმატებით განხორციელდა მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, მოწესრიგდა სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარედ ტერიტორიები და საჯარო სივრცეები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.