თეგი: გარემოს დაცვა
ლევან დავითაშილი: შეგიძლიათ, იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ მზად ხართ, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვალდებულებები იკისროთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ტყის გაიჯარების შესახებ დღეისთვის უწყებაში 22 მიმდინარე ხელშეკრულება და 100-ზე მეტი განაცხადი ფიქსირდება. ჟურნალისტებმა მინისტრს პრემიერის ოჯახისთვის ტყის ნაკვეთის გადაცემის საკითხზე დაუსვეს შეკითხვა. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ„ კონკრეტული მონაკვეთის გაიჯარება აბსოლუტურად ლეგალურად, ღია აუქციონის პირობებში მოხდა“ და მასში მონაწილეობა ყველას შეეძლო. მისივე განცხადებით, ეს არა ჩუქება, არამედ ვალდებულებაა. მინისტრმა პრილიგებიეთიც სარგებლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ „პრემიერის ოჯახი არაფერს შუაშია“. „ნებისმიერი ტყის ობიექტი მითხარით, იმ კრიტერიუმებით, რომელიც ეროვნულ სატყეო სააგენტოს აქვს და კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული, თქვენც შეგიძლიათ, ასეთივე სარგებლობით, იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ თქვენ მზად ხართ, რომ ის ვალდებულებები იკისროთ, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ვართ უწყება, რომელსაც შეუძლია კომპეტენტური პასუხი მოგაწოდოთ და სხვაგან არ ვეძებოთ ამ ინფორმაციაზე პასუხები. ეს არის წელიწადში 5 ათას ლარზე მეტი, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და პრივილეგია რომ არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ მსურველს, საქართველოს მოქალაქეს, შეუძლია იგივე გააკეთოს, თუ მზად არის, იკისროს ის ვალდებულებები, რომლებიც მოიჯარისთვის იქნება განსაზღვრული. თანხის რაოდენობას განსაზღვრავს კანონმდებლობა, რომელიც დაფუძნებული იყო სამხარაულის შეფასებაზე. სასოფლო-სამეურნეო მიწები ღირს ხოლმე ჰექტარი 5 ათასი ლარი, რომელიც საკუთრებაში გაქვს და იქ შეიძლება რაღაც ეკონომიკური სარგებელი მიიღო და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იჯარის გადასახადზე, რომელსაც ვალდებულებები მოჰყვება. ანუ ეს უფლებები კი არ არის, ძირითადად არის ვალდებულებები, რომ ვიღაცამ შეასრულოს ტყის მოვლის კუთხით. შეიძლება თქვენ იკითხოთ, რატომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი ვალდებულება - ჩვენ დღეს 22 მიმდინარე ხელშეკრულება გვაქვს და 100-ზე მეტი განაცხადი გვაქვს ასეთივე საიჯარო ხელშეკრულების, რომელსაც განვახორციელებთ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების. ეს შეიძლება იყოს მის საცხოვრებელ ან კომერციულ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს ტყის კარგად მოვლა. რამდენადაც ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში 3 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის მოვლა და სახელმწიფოს ძალიან მცირე რესურსები აქვს მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ტყის მოვლის კუთხით რესურსებს ვზრდით, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, რომელიც გვინდა და რაც განსაზღვრულია მთელს მსოფლიოში. ეს არის ტყითსარგებლობის აბსოლუტურად სწორი, მდგრადი მოდელი, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ, ანუ სწორად მოვუაროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აგვისტოში, უკანონო ტყითსარგებლობის 164 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 164 ფაქტი გამოავლინეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 43 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 21 სამართალდარღვევა, აჭარაში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 12, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 5, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 4, გურიაში - 2, მცხეთა-მთიანეთშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მათგან, 3 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი იმერეთში, თითო-თითო კი - შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2015 წლიდან დღემდე, საქართველოდან 700 000 კატალიზატორი გაიტანეს - გარემოს დაცვის სამინისტრო
2015 წლიდან დღემდე, ქვეყნიდან 700 000 კატალიზატორი გაიტანეს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება - ირაკლი ღარიბაშვილი „სამწუხაროდ,შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტის მაჩვენებელი მასშტაბურია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლიდან, თუ არ ვცდები, დღემდე, 700 000 კატალიზატორი იქნა ქვეყნიდან გატანილი, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, კატასტროფული მაჩვენებელია. რეგისტრირებული ავტომობილები დაახლოებით, მილიონ ნახევარია, მაგრამ გზაზე, რა თქმა უნდა, ამდენი არ დადის, ნაკლებია. თუ ჩავთვლით, რომ დაახლოებით, მილიონი დადის ჩვენ გზებზე, 700 000 კატალიზატორი ძალიან მძიმე სურათია. სწორედ ამიტომ, 2020 წლის აპრილიდან დარეგისტრირებულ ავტომობილებს მოეთხოვებათ, რომ აუცილებლად ჰქონდეთ კატალიზატორი. ტექინსპექტირების დროს ეს მოწმდება. მეორე მხრივ, აღვნიშნავ, რომ ეს არ უნდა იყოს ნათხოვარი კატალიზატორით გავლილი ტექინსპექტირება. სწორედ ამიტომ, გზაზე ინსპექტირება ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „ ნუ მოჭრი ნაძვს“ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, სადღესასწაულოდ ხელოვნური ნაძვის ხე გამოიყენონ. წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. „წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საწვავის ხარისხის ნორმების დარღვევისთვის 2 მლნ ლარზე მეტის ჯარიმები გამოიწერა – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი
საწვავის ხარისხის ნორმების დარღვევისთვის 2 მლნ ლარზე მეტის ჯარიმები გამოიწერა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს. ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში, ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა. დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.