თეგი: გაქცევა
რუსული მედიის ცნობით, ქსენია სობჩაკი დაპატიმრების საფრთხის გამო, რუსეთიდან გაიქცა
ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რუსეთი 25-26 ოქტომბრის ღამეს დატოვა, იუწყება TASS სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტის დაკავების თაობაზე, სამართალდამცავებს გამომძიებლის ბრძანება ჰქონდათ, თუმცა მან „გაქცევა მოახერხა". ქსენია სობჩაკი ლიეტუვაში, ბელორუსის გავლით შევიდა, აღნიშნავს გამოცემა. მანამდე, TASS-ის ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტის ქმედებებში, სახელმწიფო ძალაუფლების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების საფრთხე დაინახა. შედეგად, სამართალდამცველებმა, მის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით მასალები გადაუგზავნეს. 25 ოქტომბერს ცნობილი გახდა სობჩაკის კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის დაკავების შესახებ. გამომძიებლების თქმით, ის „ნეგატიური ინფორმაციის არ გამოქვეყნებისთვის, ფულის გამოძალვის ბრალდებით“ დააკავეს. 26 ოქტომბერს „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მახლობლად, ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ე.წ. „ვაგნერის დაჯგუფების“ ყოფილი მეთაური ნორვეგიაში გაიქცა
ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელმაც ბრძოლის ველი დატოვა და 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ვლადიმერ პუტინისთვის ვიდეომიმართვა, გენერალურ პროკურატურასთან და FSB-სთან ჩაწერა, 2023 წლის იანვარის დასაწყისში ნორვეგიაში გაიქცა. ანდრეი მედვედევმა ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, - იუწყება უფლებადამცველთა პროექტი Gulagu.net, რომელზე დაყრდნობითაც ინფორმაციას BBC ავრცელებს. პროექტმა გამოაქვეყნა აუდიო ინტერვიუ, რომელშიც მედვედევი ამბობს, რომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა მოუწია და მესაზღვრეებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. მედვედევმა თქვა, რომ მას ეშინოდა, რადგან სამართალდამცავი უწყებები და ასვე „ვაგნერის დაჯგუფებაც“ ეძებდა. მანამდე მედვედევმა განაცხადა, რომ შეესწრო „ვაგნერის ჯგუფის“ მიერ დაქირავებული წევრების მკვლელობის ფაქტებს, რომლებმაც უარი თქვეს ბრძანებების შესრულებაზე. მისი თქმით, მზადაა, საერთაშორისო სასამართლოში „დაჯგუფება ვაგნერისა“ და პრიგოჟინის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.