თეგი: გიორგი კახიანი
კახიანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური სატრანზიტო რეისების შექმნის იდეას არ ემხრობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი რუსეთის მოქალაქეების ინტერესების გამო სპეციალური სატრანზიტო რეისების დანიშვნას არ ემხრობა. გიორგი კახიანმა მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსა“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელ ვიტალი ვანცევის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ სპეციალური რეისების შექმნის იდეა არ მოსწონს. „ვთქვათ ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან ვთქვათ "თურქიშით" გაფრინდა თურქეთში, ეს როგორ უნდა შეზღუდო?! თუ მის განცხადებაში ასეთი რამე წერია, რომ მათი ინტერესების გათვალისწინებით სპეციალურ რეისებს დავნერგავთო, მე პირადად არ მომწონს ეს, მაგრამ თუ რუსეთის მოქალაქე ჩამოფრინდება საქართველოში და შემდგომ საქართველოდან იმ რეისებით, რაც ყველასთვის არსებობს, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, იმ რეისით სადმე გადაფრინდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის, მაგრამ სპეციალური რეისების შექმნა, მე პირადად არ მომწონს ეს იდეა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა. საინფორმაციო სააგენტო РБК-სთან ინტერვიუში მოსკოვის აეროპორტის, „ვნუკოვოს“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამესაკუთრემ ვიტალი ვანცევმა განაცხადა, რომ თბილისში რუსეთის მოქალაქეებისთვის შეიქმნება სატრანზიტო ჰაბი, რათა მათ ევროპაში ფრენა შეძლონ.
ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერები გახდნენ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს. ორივე დეპუტატის არჩევას 84-84-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ირაკლი ჩიქოვანის და გიორგი კახიანის კანდიდატურები ვიცე-სპიკერის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გიორგი ვოლსკი იკავებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით არის არჩეული. ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილის თანამდებობას ავთანდილ ენუქიძე იკავებს. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდ ვიცე-სპიკერამდე გაიზარდა. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ უჭერს და ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის.