თეგი: გიორგი კობიაშვილი
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გიორგი კობიაშვილი უხელმძღვანელებს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ვაკანტური იყო, გიორგი კობიაშვილი წარადგინა. მისი თქმით, გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. „როგორც იცით, ვაკანტური იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, რომლის მართვაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მიუსაფარი ცხოველების ბედი. ბევრი სასიკეთო ცვლილებაა დაგეგმილი ამ მიმართულებით, მთელი საკანონმდებლო ცვლილებები. დედაქალაქის მერია მზადაა, გამოყოს თანხები და განახორციელოს სხვადასხვა პროექტი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ გიორგი კობიაშვილს, რომელსაც უყვარს ცხოველები და წლებია, დაინტერესებულია პრობლემების გადაჭრით. გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. იგი 2016-2018 წლებში მუშაობდა სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტში, ხოლო 2018-2022 წლებში იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი და საკმაოდ კარგი გამოცდილება გააჩნია“, - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ცხოველთა მონიტორინგის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა. „დარწმუნებული ვარ, იმ გამოწვევების დაძლევას, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალებით შევძლებთ. მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ყველა დაინტერესებულ პირს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოქალაქე, ექნება შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში ჩაერთოს. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა. გიორგი კობიაშვილს კი მინდა წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.
გახშირდა შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ - „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი, გიორგი კობიაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხშირად მეპატრონეების მხრიდან არ ხდება დადგენილი წესების დაცვა. გიორგი კობიაშვილის თქმით, მეპატრონეებმა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გასეირნების წესები უნდა დაიცვან, რათა დაცული იყოს როგორც ადამიანის, ისე ცხოველის უსაფრთხოება. „ბოლო პერიოდში საკმაოდ მოხშირდა შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ. აგრესიული ძაღლები არა, უფრო მომეტებული აგრესიის რისკის მქონე ჯგუფები არიან. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში, მეპატრონეები არ იცავენ გასეირნების წესებს, რაც არის დადგენილი საკრებულოს მიერ. ჩვენი სააგენტოს ეკიპაჟები ყოველდღიურად გადაადგილდებიან სხვადასხვა სკვერში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილეში და ახდენენ გასეირნების წესებისა და რეგისტრაციის მონიტორინგს. სკვერებში არსებობს სპეცალური სივრცე ძაღლების გასეირნებისთვის და სამწუხარო ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს სივრცეები არის ცარიელი. მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება ძაღლების გასეირნება საბმელის და ალიკაპის გარეშე, რაც წესების დარღვევაა. წესების მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, საკუთარი ცხოველი გაასეირნოს ალიკაპით და საბმელით, ან მხოლოდ მოკლე ალიკაპით. ეს გათვალისწინებულია დილის შვიდიდან 23:00 საათამდე. ასევე, სპეციალურ სივრცეში მეპატრონეს შეუძლია, გაასეირნოს ალიკაპით და საბმელის გარეშე. ხშირ შემთხვევაში, ამ წესების დარღვევის შემდეგ ხდება აგრესიის გამოვლენა, დაკბენა ადამიანის ან თუნდაც ცხოველის. ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ წესები და დავიცვათ როგორც ადამიანის, ისე ცხოველის უსაფრთხოება. აღნიშნულს არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი, გათვალისწინებულია ჯარიმა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გასეირნების წესების დაღვევისთვის“, – განაცხადა გიორგი კობიაშვილმა. „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი ამბობს, რომ მიმდინარე წელს იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ჯარიმების გამკაცრება. „პარლამენტში უკვე მიმდინარეობს მუშაობა როგორც შინაური ბინადარი ცხოველების კანონპროექტზე, ასევე 103-ე მუხლში ცვლილებებზე. როცა ძაღლი გარეთ გამოგყავს, უნდა დაიცვა ელემენტარული წესები, რათა სხვა ცხოველები, ასევე ადამიანები მეტად იყვნენ დაცული. პირველი კანონი არის შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ და მეორე კანონია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი, სადაც გათვალისწინებულია ჯარიმის ოდენობა. მიმდინარეობს მუშაობა ჯარიმის გამკაცრებაზე. დღესაც სამუშაო პორცესშია ეს კანონპროექტი. მონიტორინგი გამკაცრდება, მეპატრონის ვალდებულებები გამკაცრდება, ძაღლების გამრავლების შესახებ მოხდება ბიზნეს სუბიექტებისთვის ლიცენზირების დაწესება. ჩვენი სააგენტოს მიზანი არის მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების მართვა. ყოველდღიურად ათობით ცხოველი გადაგვყავს თავშესაფარში და სტერილიზაცია, კასტრაციის გზით ვუზღუდავთ გამრავლების უნარს. ამავე დროს, დღეს არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ ვაკონტროლოთ ცხოველების გამრავლება, რასაც ახორციელებენ კერძო ბიზნესუბიექტები. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩვენთან იმატებს შეტყობინებები ცხოველების მხრიდან აგრესიის შესახებ. ამ კანონის მიღების შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, განვახორციელოთ მონიტორინგი, გვქონდეს სია, ვინ აკეთებს გამრავლების პროცედურებს, ვის აქვს ლიცენზია, ჩვენც უფრო გაგვიმარტივებს სამუშაოსაც და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირება გაცილებით ეფექტურად და მალე მოხდება. ჩვენი სააგენტო იქნება უფლებამოსილი, გასეირნების წესების დარღვევისთვის დააჯარიმოს ფიზიკური, თუ იურიდიული პირი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, ახლა რვა ლარია ჯარიმა. ვფიქრობ, ცვლილების შემდეგ წესების დარღვევისთვის ჯარიმა გაცილებით მაღალი იქნება“, – განაცხადა „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორმა.