„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი, გიორგი კობიაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხშირად მეპატრონეების მხრიდან არ ხდება დადგენილი წესების დაცვა.
გიორგი კობიაშვილის თქმით, მეპატრონეებმა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გასეირნების წესები უნდა დაიცვან, რათა დაცული იყოს როგორც ადამიანის, ისე ცხოველის უსაფრთხოება.
„ბოლო პერიოდში საკმაოდ მოხშირდა შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ. აგრესიული ძაღლები არა, უფრო მომეტებული აგრესიის რისკის მქონე ჯგუფები არიან. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში, მეპატრონეები არ იცავენ გასეირნების წესებს, რაც არის დადგენილი საკრებულოს მიერ. ჩვენი სააგენტოს ეკიპაჟები ყოველდღიურად გადაადგილდებიან სხვადასხვა სკვერში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილეში და ახდენენ გასეირნების წესებისა და რეგისტრაციის მონიტორინგს. სკვერებში არსებობს სპეცალური სივრცე ძაღლების გასეირნებისთვის და სამწუხარო ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს სივრცეები არის ცარიელი. მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება ძაღლების გასეირნება საბმელის და ალიკაპის გარეშე, რაც წესების დარღვევაა.
წესების მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, საკუთარი ცხოველი გაასეირნოს ალიკაპით და საბმელით, ან მხოლოდ მოკლე ალიკაპით. ეს გათვალისწინებულია დილის შვიდიდან 23:00 საათამდე. ასევე, სპეციალურ სივრცეში მეპატრონეს შეუძლია, გაასეირნოს ალიკაპით და საბმელის გარეშე. ხშირ შემთხვევაში, ამ წესების დარღვევის შემდეგ ხდება აგრესიის გამოვლენა, დაკბენა ადამიანის ან თუნდაც ცხოველის. ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ წესები და დავიცვათ როგორც ადამიანის, ისე ცხოველის უსაფრთხოება. აღნიშნულს არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი, გათვალისწინებულია ჯარიმა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გასეირნების წესების დაღვევისთვის“, – განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი ამბობს, რომ მიმდინარე წელს იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ჯარიმების გამკაცრება.
„პარლამენტში უკვე მიმდინარეობს მუშაობა როგორც შინაური ბინადარი ცხოველების კანონპროექტზე, ასევე 103-ე მუხლში ცვლილებებზე. როცა ძაღლი გარეთ გამოგყავს, უნდა დაიცვა ელემენტარული წესები, რათა სხვა ცხოველები, ასევე ადამიანები მეტად იყვნენ დაცული. პირველი კანონი არის შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ და მეორე კანონია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი, სადაც გათვალისწინებულია ჯარიმის ოდენობა. მიმდინარეობს მუშაობა ჯარიმის გამკაცრებაზე. დღესაც სამუშაო პორცესშია ეს კანონპროექტი. მონიტორინგი გამკაცრდება, მეპატრონის ვალდებულებები გამკაცრდება, ძაღლების გამრავლების შესახებ მოხდება ბიზნეს სუბიექტებისთვის ლიცენზირების დაწესება. ჩვენი სააგენტოს მიზანი არის მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების მართვა. ყოველდღიურად ათობით ცხოველი გადაგვყავს თავშესაფარში და სტერილიზაცია, კასტრაციის გზით ვუზღუდავთ გამრავლების უნარს. ამავე დროს, დღეს არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ ვაკონტროლოთ ცხოველების გამრავლება, რასაც ახორციელებენ კერძო ბიზნესუბიექტები. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩვენთან იმატებს შეტყობინებები ცხოველების მხრიდან აგრესიის შესახებ. ამ კანონის მიღების შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, განვახორციელოთ მონიტორინგი, გვქონდეს სია, ვინ აკეთებს გამრავლების პროცედურებს, ვის აქვს ლიცენზია, ჩვენც უფრო გაგვიმარტივებს სამუშაოსაც და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირება გაცილებით ეფექტურად და მალე მოხდება. ჩვენი სააგენტო იქნება უფლებამოსილი, გასეირნების წესების დარღვევისთვის დააჯარიმოს ფიზიკური, თუ იურიდიული პირი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, ახლა რვა ლარია ჯარიმა. ვფიქრობ, ცვლილების შემდეგ წესების დარღვევისთვის ჯარიმა გაცილებით მაღალი იქნება“, – განაცხადა „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორმა.