თეგი: გრანტ შაპსი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შაპსი კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მან ბრიტანეთს მტკიცე მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი შორი დისტანციის რაკეტების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დახმარებამ უკრაინის ჯარის შესაძლებლობები მკვეთრად გაზარდა. „მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის საკითხები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდის წინ. ცალკე აღინიშნა შვიდი ჯგუფის მიერ ვილნიუსის ნატოს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება და მოლაპარაკებების დაწყება დიდ ბრიტანეთთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების დადების შესახებ," - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გრანტ შაპსმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2023 წლის სექტემბერში დაიკავა და ბენ უოლესი შეცვალა.
როგორი იქნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პასუხი, თუ საქართველოს პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონს მიიღებს - გრანტ შაპსის პასუხი
„რა იქნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პასუხი, თუ დღეს საქართველოს პარლამენტი ამ კანონს მიიღებს,“ - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი Sky News-თან ინტერვიუში პასუხობს შეკითხვას ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, თუმცა იქ რა თქმა უნდა - უფრო აგრესიული. „პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გამოყენებით, სხვა ქვეყნებში ისე, რომ ეს სამყაროსთვის კარგი არ არის, კარგი არ არის თავისუფლებისთვის ან დემოკრატიისთვის. ამიტომ, ჩვენ ვგმობთ ამ [რუსულ] გავლენას და ძალიან ვახალისებთ ხალხს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ამ გავლენას. მგონია, რომ ასე უნდა მოიქცნენ [...] პუტინმა აჩვენა, სულ მცირე საქართველოში მაინც, რომ ის არ არის კარგი მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის,“ ამბობს ბრიტანელი მაღალჩინოსანი. ე.წ. უცხოური აგენტების კანონთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობასთან შეშფოთება გამოხატა შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავენ. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.