თეგი: გურამ გურამიშვილი
გურამ გურამიშვილი: საქართველოში საზღვაო ნაოსნობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის ჰიდროგრაფიული კატამარანის გადაცემისა და „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოცემული საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაციაში, რომელიც ფოთში, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურში ოფისში გაიმართა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსმა რევაზ ბაბილუამ, სს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კორეის რესპუბლიკის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში დაესუ ჩანგმა. მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს ზღვაოსნობის დიდი ხნის ისტორია აქვს და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე ამ დარგის ყველაზე დიდი სიმბოლოების - შუქურების გამოსახვა ამის დასტურია. „სიმბოლურია, რომ მარკის პრეზენტაცია იმართება ფოთის შუქურის სიახლოვეს, რომელიც 1864 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. მარკაზე ასევე დატანილია სოხუმისა და ბათუმის შუქურებიც, რომლითაც ჩვენ გვინდოდა აქცენტი საქართველოს საზღვაო ისტორიაზე გაგვეკეთებინა. თუმცა ჩვენ დღეს ასევე აღვნიშნავთ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს - საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჰიდროგრაფიულ კატამარანზე, რომელიც კორეაში დამზადდა და ქართულ მხარეს გადმოეცა. კატამარანი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მრავალსხივიანი ექოლოტით, რომელიც ზღვის სიღრმეების აზომვას მაღალი სიზუსტით ახდენს, რაც სანავიგაციო რუკების შექმნისათვის აუცილებელი კომპონენტია და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი გარანტორია,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოში საზღვაო ნაოსნობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ოფიციალური პირების გამოსვლების შემდეგ, კატამარანი ზღვაში ჩაუშვეს, სადაც ის თავის ფუნქციას - ჰიდროგრაფიული მონაცემების აზომვას განახორციელებს. სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით 2020 წლის დეკემბრიდან საქართველოში ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის დანერგვას პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიას კორეულმა მხარემ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია, საქართველოს პორტები აღიჭურვა ძვირადღირებული ოკეანოგრაფიული ტექნიკით, ასევე ჩატარდა ერთობლივი კვლევები, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალი გადამზადდა კორეის რესპუბლიკის ოკეანოგრაფიულ სააგენტოში. რაც შეეხება საფოსტო მარკას „საქართველოს საზღვაო შუქურები“, ის „საქართველოს ფოსტამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. სამივე შუქურას დღეს უკვე მინიჭებული აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოში საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობის ხაზგასმის და საქართველოს როგორც საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა გააგზავნეს საფოსტო ბარათები ფოთის საზღვაო შუქურის გამოსახულებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე: ბოლო პერიოდში, უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა
"უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიური გამოყენებით. ბოლო პერიოდში, უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი უზბეკეთის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც სატრანსპორტო - ლოგისტიკური სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები იყვნენ. „უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიური გამოყენებით. ბოლო პერიოდში უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა. ჩვენ უზბეკ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია დერეფანში არსებული სატრანზიტო ტარიფებისა და საპორტო მოსაკრებლების შესახებ, ასევე გავაცანით საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, აგრეთვე სამომავლო პროექტები,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა. ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაცია ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებს, ასევე ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და მათ საქმიანობას გაეცნობა.
ჩინეთთან სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმება ამოქმედდა
„დღეიდან საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს, რომლებსაც ტვირთი სახმელეთო გზით გადააქვთ, შესაძლებლობა მიეცათ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე პირდაპირი სატრანსპორტო ოპერაციები განახორციელონ. ეს ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ განვითარებას, ასევე წაახალისებს ქვეყნებს შორის ვაჭრობას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქართველი გადამზიდველების კონკურენტუნარიანობას ახალ ბაზრებზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, როგორც „შუა დერეფნის“, ისე საქართველოზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. „ჩვენი მიზანია აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებით, ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის შეუფერხებელ მიმოსვლას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას. მსგავსი ინიციატივები ქართველი გადამზიდველებისთვის და ექსპორტიორ-იმპორტიორებისათვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გურამ გურამიშვილმა, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მისი თქმით, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას არამხოლოდ სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით, არამედ, ის დადებითად აისახება ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სფეროებშიც. „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ’’ გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოში, ისე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული გადამზიდველებისთვის როგორც ორმხრივი და ტრანზიტული, ისე მესამე ქვეყანაში/ქვეყნებიდან გადაზიდვის კვოტების გაცვლას. 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის საავტომობილო/საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდა დაახლოებით 528.9 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ით მეტია. პირდაპირი საავტომობილო მიმოსვლის განვითარება ხელს შეუწყობს აღნიშნული მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდას.