თეგი: დავით აღმაშენებელი
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. ცნობისთვის, დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა, რის შემდეგაც 53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.
კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება
კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება. 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით კომპიუტერული თამაშის "დიდგორი" თრეილერის პრეზენტაცია შედგა. კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული პროექტის "ძლევაი საკვირველი" ფარგლებში შეიქმნა. "კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ „სილესტიალ დიმენშენი“ ქართული კომპიუტერული თამაშის „დიდგორი“ თრეილერი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს წარუდგინა საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად სახელმწიფო აფინანსებს კომპიუტერული თამაშის შექმნას. კულტურის სამინისტრომ მოცემული კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა. სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. თავად პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა. თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
კულტურის სამინისტრომ დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია
დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად გამოცხადებულ კონკურსში კულტურის სამინისტრომ რეჟისორ ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია. „შერჩეული პროექტის ავტორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა დამატებითი სამუშაო უნდა გასწიონ საკონკურსო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა არჩევანი საბოლოოდ მათზე შეჩერდეს“, - აცხადებს სამინისტრო. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის. მომდევნო ეტაპზე გადასული პროექტია: „დავით აღმაშენებელი“ (სამეფო გზა), განმახორციელებელი - შპს „კინო იბერიკა“. რეჟისორი და სცენარის ავტორია ლევან კოღუაშვილი, ხოლო სცენარის თანაავტორია ბორის ფრუმინი. პროექტში ჩართულნი არიან კონსულტანტები, ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწუმია და ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები - გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი, მხატვრების ჯგუფი: დამდგმელი მხატვარი - კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები - ნინო ჩუბინიშვილი, რეკვიზიტი - ვალო იმერლიშვილი, კინოოპერატორი - ფედონ პაპამიქაელი. პროექტები შეაფასეს და გადაწყვეტილება მიიღეს: კომისიის თავმჯდომარე - კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; მწერალი და დრამატურგი ლაშა (ირაკლი) სამსონაძე; ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე; რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია; მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი; კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; ისტორიკოსი ჯაბა სამუშია. ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსის პირველ ეტაპზე, კულტურის სამინისტროში შევიდა 10 განაცხადი. მეორე ეტაპზე გადასასვლელად შეირჩა 3 პროექტი. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული თითოეული კონკურსანტი დაფინანსდა 5000 აშშ დოლარით. შერჩეული პროექტი ავტორი, ლევან კოღუაშვილი აგრძელებს მუშაობას სცენარის დახვეწაზე.
20 აგვისტო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეა
20 აგვისტო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია, რომელიც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, აკადემიური უმაღლესი და სამხედრო განათლების მქონე ოფიცერთა მომზადებას უზრუნველყოფს. ამჟამად აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს საბაკალავრო სკოლა, მაგისტრატურა, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, უმცროს ოფიცერთა სკოლა, ენობრივი მომზადების სკოლა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და უმაღლესი სამეთაურო სკოლა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელმძღვანელობით, 1919 წლის შემოდგომაზე, ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლა შეიქმნა, რომელიც 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად ამ დასახელებით გაუქმდა. 1921 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მე-11 წითელ არმიის შენაერთებთან ბრძოლაში მონაწილეობას ქართული სამხედრო სკოლის უკვე 148 იუნკერი იღებდა. ისინი ბოლომდე იდგნენ საბრძოლო პოზიციებზე. ქართულ სინამდვილეში სიტყვა „იუნკერი“ დამკვიდრდა, როგორც თავდადების, ღირსებისა და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლო.1993 წლის 28 მაისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. 2003 წლის 20 თებერვალს, აკადემიას დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა, 2009 წლიდან, სასწავლებელი ქალაქ გორში განლაგდა.