კულტურის სამინისტრომ დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია

დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად გამოცხადებულ კონკურსში კულტურის სამინისტრომ რეჟისორ ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია.

„შერჩეული პროექტის ავტორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა დამატებითი სამუშაო უნდა გასწიონ საკონკურსო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა არჩევანი საბოლოოდ მათზე შეჩერდეს“, - აცხადებს სამინისტრო.

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის.

მომდევნო ეტაპზე გადასული პროექტია: „დავით აღმაშენებელი“ (სამეფო გზა), განმახორციელებელი - შპს „კინო იბერიკა“. რეჟისორი და სცენარის ავტორია ლევან კოღუაშვილი, ხოლო სცენარის თანაავტორია ბორის ფრუმინი. პროექტში ჩართულნი არიან კონსულტანტები, ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწუმია და ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები - გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი, მხატვრების ჯგუფი: დამდგმელი მხატვარი - კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები - ნინო ჩუბინიშვილი, რეკვიზიტი - ვალო იმერლიშვილი, კინოოპერატორი - ფედონ პაპამიქაელი.

პროექტები შეაფასეს და გადაწყვეტილება მიიღეს: კომისიის თავმჯდომარე - კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; მწერალი და დრამატურგი ლაშა (ირაკლი) სამსონაძე; ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე; რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია; მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი; კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.

ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსის პირველ ეტაპზე, კულტურის სამინისტროში შევიდა 10 განაცხადი. მეორე ეტაპზე გადასასვლელად შეირჩა 3 პროექტი. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული თითოეული კონკურსანტი დაფინანსდა 5000 აშშ დოლარით.

შერჩეული პროექტი ავტორი, ლევან კოღუაშვილი აგრძელებს მუშაობას სცენარის დახვეწაზე.