თეგი: დევი მეზურნიშვილი
მარიტა მეფარიშვილის დედა: დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც ჩემი შვილის მეგობრები გადაარჩინა
ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დედა ანნა შოშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის კათოლიკოს-პატრიარქს, ექიმებსა და საზოგადოებას მადლობას უხდის და ამბობს, რომ „ერთადერთი ნუგეში, მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად მარიტას თავგანწირვაა“. „ჩვენი პატარა ანგელოზი, ჩვენი მარიტა, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი... ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს. მარიტას მოულოდნელმა გადანაცვლებამ იმქვეყნიურ სამყაროში, უმძიმესი ტკივილი მოგვაყენა. ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად. მარიტა სიკეთისთვის, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის იყო მოვლენილი ამქვეყნად. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, უნდა შევინარჩუნოთ მისი ამქვეყნიური ღირებულებები. მადლობა ყველას, ვინც მარიტასთან გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ან ვერ მოვიდა და გაიზიარა მწუხარება მისი უდროოდ გარდაცვალების გამო. მადლობა მარიტას კლასელებს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, ნათესავებს, ახლობლებს, უცხო ადამიანებს, მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი. ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა. დიდი მადლობა ექიმებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი შვილების გადასარჩენად. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის სიტყვებმა ამ უმძიმეს წუთებში გვანუგეშა. მადლობა საპატრიარქოს, მეუფე გერასიმეს და ყველა სასულიერო პირს, რომლებიც ჩვენი მარიტასთვის ლოცვას აღავლენენ. უდიდესი მადლობა ჩვენს მოძღვრებს, მამა შალვა კეკელიას და მამა საბა ჭიკაიძეს ამ საოცარი სიყვარულისთვის, ასეთი თანაგრძნობისთვის, იმ გადამდები სიმშვიდისთვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენთვის. მარიტასთან დამშვიდობებისას, მათ მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ, გაგვაძლიერა თითოეული ჩვენგანი. მადლობა ყველას, ვინც ლოცულობს ჩვენი შვილისთვის. ჩვენი მხიარული მარიტა, რომელსაც უყვარდა მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი, მეგობრები, ჩოგბურთი. სწორედ კორტები იყო გზის დასაწყისი მისი ნათელი მომავლისკენ, კორტები გახდა გზის დასაწყისი მარადიული სასუფევლისკენ. ჩვენი პატარა ანგელოზი, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი“,- წერს ანაა შოშიაშვილი. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
პრეზიდენტმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაცვალების შემდეგ, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბოშვილმა, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაცვალების შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავცელებს. ასევე, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“, პრეზიდენტმა დევი მეზურნიშვილი დააჯილდოვა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი მოზარდი გადაარჩინა. „მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა. ხოლო ,,ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.