თეგი: დიასპორა
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება
ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა და სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს. "ძალიან კარგად მესის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ემოციები. მეც როცა ვიყავი სტუდენტი, საფრანგეთში სწავლის დროს, პირადად გამოვცადე ჩვენი დიასპორის ყოფა, ცხოვრება და მე ძალიან კარგად მესმის ის სირთულეები, რომელიც ჩვენს დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ. მე რამდენიმე აქცენტს გავაკეთებდი, რაც ჩემი დაკვირვებით და შემდეგ უკვე მთავრობაში მუშაობის დროს გამოიკვეთა – არის მთელი რიგი პატარა გადაუწყვეტელი საკითხები, რომელიც ძალიან გაუმარტივებდა პროცედურებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ბატონ რატი ბრეგაძესთან განვიხილეთ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, როცა დიასპორის წარმომადგენელი მისი სურვილით ჩამობრძანდა საქართველოში და მოისურვა ქართული პასპორტის აღება, მაგრამ მცირე გრამატიკული შეცდომის გამო, ქართველმა პატრიოტმა კაცმა ვერ შეძლო პასპორტის აღება. მე ამის თაობაზე ვესაუბრე ბატონ რატის. ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ ეს არის გამოსასწორებელი. ჩემი დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა, სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს და ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს თავისი ქართული პასპორტის აღება“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრი: საპატრიარქოსთან მჭიდრო კოორდინაციით, კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში
საზღვარგარეთ ქართული სამრევლოების გაძლიერების აუცილებლობასა და ამ მიზნით საქართველოს საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. „გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები, ასე შემდეგ, ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება. ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედაეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში და მე მახსოვს, პირადად, ყოველ კვირას დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება
დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა უნდა იგრძნონ - პრეზიდენტი
იმისთვის, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა იგრძნონ, ორი რამ არის საჭირო - მათთვის პარლამენტში წარმომადგენლის გამოყოფა და არჩევნებში მათი მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „იმისთვის რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა იგრძნონ, ორი რამ არის საჭირო. ერთია ის, რომ მათთვის პარლამენტში ერთი წარმომადგენელი მაინც იყოს გამოყოფილი. ამისთვის აუცილებელი არ არის, რომ კანონმდებლობა შეიცვალოს. ყველა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს, საკუთარ სიაში, ოღონდ არა ბოლოში, დიასპორის ერთი წარმომადგენელი ჩაწეროს. ამით ეს საკითხი მოიხსნება და მათ ეცოდინებათ რანაირად და როგორ დაიცვან საკუთარი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნებში. მეორე არის არჩევნები. ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლების საკითხი, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკონსულოები აქტიურად მუშაობდნენ იმაზე, რომ ხალხმა თავი დაირეგისტრიროს და ამომრჩეველი გახდეს. ამას სჭირდება მუშაობა, რეკლამირება. არალეგალებისთვის ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ვინმე მთავრობას შეატყობინებს იმას, რომ საკუთარი ქვეყნის საარჩევნო სიაში არიან ჩაწერილები. მაგალითად, საფრანგეთში, მაშინ როდესაც ალჟირში არჩევნები ტარდება, საელჩოების წინ უზარმაზარი რიგებია. მათი დიდი ნაწილი არალეგალია, მაგრამ ამას ხელს არავინ უშლის. თუ ქვეყანაში ელექტრონულ არჩევნებს დავნერგავთ, რაღატომ გვიჭირს, რომ ეს უცხოეთზე გავავრცელოთ და შორ მანძილზე მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრათ, რომ მონაწილეობა მიიღონ?! თუ ჩვენ დიასპორის დაცვა გვინდა, ეს არის ის, რასაც დიასპორის დაცვა ჰქვია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ - პატრიარქი დიასპორის წარმომადგენლებს
თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან, იმედიც, რადგან მრავალი ოჯახის ფიზიკური არსებობა თქვენი შრომის შედეგია, - ამის შესახებ დიასპორის წარმომადგენლებისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული. როგორც პატრიარქი მიმართვაში ამბობს, უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ქართული ენა, ქართული სული, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეუნარჩუნოთ. „ჩვენო სულიერო შვილებო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ! კიდევ ერთი წელი შეემატა ჟამთა სვლას და დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმის ფარგლებში, ყველა კვლავ გამორჩეული სიყვარულით გხვდებათ, რადგან თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან, - იმედიც, რადგან მრავალი ოჯახის ფიზიკური არსებობა თქვენი შრომის შედეგია. თუმცა, უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ თქვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ქართული ენა, ქართული სული, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეუნარჩუნოთ. აღვნიშნავ იმასაც, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, შესაძლებლობისამებრ ამ მიზანდასახულობითაც იღვწის, მაგრამ მშობლების როლი არსებითია. მუდამ გახსოვდეთ და პატარებსაც ჩაუნერგეთ, რომ თქვენ ჩვენი ერის სახე ხართ და თქვენი მყოფობის ადგილზე თითოეული თქვენგანი საქართველოს წარმოადგენს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ყველა ის ქვეყანა, სადაც თქვენ და ჩვენი სხვა თანამემამულენი ამჟამად ცხოვრობთ. ინებოს ყოვლადწმინდა სამებამ, რომ სამშობლოში დაბრუნება მალე შეძლოთ. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.
„ავირჩიოთ, გვინდა მობილიზაცია, გვინდა აქტიურობა თუ გვინდა, რომ დავუთმოთ გზა შესაძლო გაყალბების მეთოდებს“ - პრეზიდენტი დიასპორასთან შეხვედრაზე
„თუ არ გამოვა ხალხი არჩევნებზე, არ მიიღებს მონაწილეობას, გაყალბების ყველა მეთოდი ბევრად უფრო ეფექტური იქნება. ასე რომ, ავირჩიოთ, გვინდა მობილიზაცია, გვინდა აქტიურობა თუ გვინდა, რომ დავუთმოთ გზა შესაძლო გაყალბების მეთოდებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რა დროსაც უპასუხა კითხვას, როგორ მოხდება გაყალბებისგან ხმების დაცვა. პრეზიდენტის თქმით, გაყალბებისგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტური ფორმა და ინსტრუმენტი არის ხმების რაოდენობა. „მე არაფერს ველოდები თუ ვიქნებით ძალიან ბევრი - ყველამ იცის და მთელ მსოფლიოში ასეა, რომ გაყალბებისგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტური ფორმა და ინსტრუმენტი არის ხმების რაოდენობა. თუ არ გამოვა ხალხი არჩევნებზე, არ მიიღებს მონაწილეობას, გაყალბების ყველა მეთოდი ბევრად უფრო ეფექტურია. ასე რომ, ავირჩიოთ, გვინდა მობილიზაცია, გვინდა აქტიურობა, თუ გვინდა, რომ დავუთმოთ გზა შესაძლო გაყალბების მეთოდებს. ეს ამართლებს როგორც შიგნით, ასევე გარეთ- რაოდენობა არის დაცვა. ჩვენ ადმინისტრაციასთან გვაქვს შექმნილი ჯგუფი, რომელიც თვალს ადევნებს და არის ძალიან მჭიდრო კავშირში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, რომ თუ იქნება ამ პროცესში ხელის შეშლა და ამ საარჩევნო უბნების გახსნაზე ხელოვნური შეფერხებები, რომ ამაზე ამოვიღოთ ხმა და მოვითხოვოთ რეაგირება. ჩემი მთავარი ბერკეტი ახლაც, ისევე როგორც ყველა საკითხში, არის ხმის ამოღება,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საელჩოში საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეიძლება გახდეს დეპორტაციის მიზეზი და მსგავსი ზედამხედველობის პრაქტიკა არ არსებობს. „ყველა ჩემი მცდელობა რომ კიდევ გამარტივდეს ორმაგი მოქალაქეობა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. ბევრი სხვადასხვა კუთხით შეიძლებოდა გამარტივება ამ ორმაგის მოქალაქეობის პროცედურები. მაგრამ იმის თქმა, რომ მისვლა საელჩოში თუ საარჩევნო უბანზე შეიძლება გახდეს პრობლემა ადამიანებისთვის და ამის გამო დაკარგონ მოქალაქეობა, ეს პრობლემა არ არსებობს, ეს პრაქტიკა არ არსებობს და ეს დამიდასტურა ყველა ელჩმა, ვინც მოვიდა. არანაირი ასეთი დეპორტირებისთვის ზედამხედველობა არ არსებობს ამ სივრცეში, მით უმეტეს ევროპის ქვეყნებში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმ დიასპორას მიმართა, რომ „აუცილებელია, მიიღონ მონაწილეობა კომისიების დაკომპლექტებაში, რათა ის მანკიერი ფორმა, რაც არსებობდა, რომ საელჩოს წევრები, სიდედრები, შვილები თუ ბიძაშვილები აკომპლექტებდნენ კომისიებს, აღარ იყოს.“ მისი თქმით, თუ საქართველოს მრავალრიცხოვანი დიასპორიდან 10% მაინც შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას ,ეს მაღალ აქტივობაში ჩაითვლება.