საზღვარგარეთ ქართული სამრევლოების გაძლიერების აუცილებლობასა და ამ მიზნით საქართველოს საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები, ასე შემდეგ, ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება. ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედაეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში და მე მახსოვს, პირადად, ყოველ კვირას დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.