თეგი: დიკ დურბინი
აშშ გააგრძელებს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში - ამერიკის საელჩო
შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში, შესაბამის ტექსტს ურთავს ამერიკის საელჩო სენატორებისა და ექსპერტების შეხვედრას, რომელიც ჯინ შაჰინისა და დიკ დურბინის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკის განსაზღვრას ხელმძღვანელობს. აქ ევროპული უსაფრთხოებისთვის საქართველოს წამყვანი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ათწლეულებია პუტინი ძალისხმევას არ იშურებს, რომ თავისი დამღუპველი გავლენა გაავრცელოს, გაანადგუროს სიცოცხლე და კერძო საკუთრება, მათ შორის აქაც, შავი ზღვის რეგიონში. დღეს ეს საკითხები სენატორმა შაჰინმა და დურბინმა ქართველ პარტნიორებთან ერთად განიხილეს და ხაზგასმით აღვნიშნეს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში. შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა - ამერიკის საელჩო სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში ხელმძღვანელობს ორპარტიულ საკანონმდებლო პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბის. შაჰინი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საკითხებში, ჯერ კიდევ 2012 წლიდან როდესაც სენატორ ჯიმ რიშთან საქართველოში იმყოფებოდა საარჩევნო დამკვირვებლად. იგი ღიად და მკაფიოდ საუბრობდა სენატში ამ რეგიონის პრიორიტეტულად გამოცხადების გადაუდებლობაზე, რაც გარდამტეხი წერტილია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ
ამერიკელი სენატორების გზავნილები
მთავარი გზავნილები სენატორების ჯინ შაჰინის და დიკ დურბინის პრესკონფერენციიდან. ევროკომისიის რეკომენდაციებსა და „დეოლიგარქიზაციაზე“ ჟურნალისტებმა სენატორებს ჰკითხეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას სენატორებს ჰქონდათ თუ არა საუბარი ბიძინა ივანიშვილის ე.წ. არაფორმალურ გავლენაზე და ანტიდასავლურ კამპანიაზე. ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია და მათ სერიოზულად უნდა მიუდგნენ. „რა თქმა უნდა,საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და ამავდროულად, ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელება და ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილება“, - განაცხადა დიკ დურბინმა. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას სენატორმა დიკ დურბინმა შემდეგი პასუხი გასცა. „ეს საკითხი გაჟღერდა ისევე, როგორც, ალბათ, სხვადასხვა საუბრებში ჟღერდება ხოლმე“. თავის მხრივ, სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს და მისი მოქალაქეების მისწრაფებებს, შეუერთდეს ევროკავშირს. ჩვენ ვისაუბრეთ და შევეხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა. „რაც შეეხება შემაფერხებელ გარემოებებს ამ 12 რეკომენდაციაში, ეს ევროკავშირის პრეროგატივაა და ალბათ, მათ უნდა ისაუბრონ. მე, ჩემი მხრივ გეტყვით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მისი მოქალაქეების მისწრაფებებს, შეუერთდეს ევროკავშირს. ეს არის ჩვენი ძირითადი სათქმელი და მათი სურვილი შესრულდეს. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც გადაეგზავნა ვენეციის კომისიას და ახლა, ხელისუფლება ელოდება ამ კანონპროექტის შეფასებას“. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას დეოლიგარქიზაციის საკითხზეც იყო საუბარი. „რაც შეეხება შეკითხვას ანტიდასავლურ კამპანიაზე, როდესაც ხდება მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. როგორც უკვე აღვნიშნე ჩემს მიმართვაში, რითაც ეს პრესკონფერენცია გავხსენით, აშშ 30 წლის განმავლობაში არის საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და იმის რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, წარმატებული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ისევ, როგორც მთლიანად ევროპაში. უკრაინის ომის დასრულება ჩვენი ძალიან დიდი სურვილია და ჩვენი სურვილია ასევე ის, რომ პუტინს შესაძლებლობა არ მიეცეს შეიჭრას კიდევ სხვა ქვეყნებში. „ომში ჩათრევის კამპანიაზე“ ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა განაცხადა, რომ ამერიკა არ ცდილობს, ვინმე ჩაითრიოს ომში. ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე ეს საკითხი არ წამოჭრილა, თუმცა ამერიკის მთავარი ძალისხმევაა, მხარი დაუჭიროს ქვეყნების საზღვრებს. „შეხვედრებზე ეს საკითხი არ წამოჭრილა. თუმცა, გეტყვით, რომ ამერიკის მთავარი ძალისხმევა არის მხარი დაუჭიროს ქვეყნების სუვერენიტეტს, მათი საზღვრების დაცვას და იმას რომ ქვეყნებმა შეძლონ მშვიდობის მიღწევა. ამას ვაკეთებთ უკრაინაში და რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა არის საქართველოს მიმართ და ამერიკა არ ცდილობს, რომ ვინმე ჩაითრიოს ომში“, - განაცხადა დიკ დურბინმა. ნიკა გვარამიას საქმე ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „მთავარი არხის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, რომ იმუშაონ თავისი პროფესიით და შესაბამისად აწარმოონ თავისი საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მისივე თქმით, დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აპატიმრებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციონერები არიან. „ევროკავშირის რეკომენდაციებში ეს არის პირობა - განსაკუთრებით მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები. ეს არის ძირითადი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, რომ იმუშაონ თავისი პროფესიით და შესაბამისად აწარმოონ თავისი საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რომ ოპონენტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ იმის გამო არ აპატიმრებდნენ, რომ ისინი ოპოზიციას წარმოადგენენ. მე არ შემიძლია ვისაუბრო ბრალდებებზე, რომელიც წაყენებული აქვს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ მჯერა, რომ ხელისუფლებას ყველა პატიმრის შემთხვევაში აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ მათი ჯანმრთელობა დაცული იყოს პატიმრობაში ყოფნის დროს“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. სააკაშვილის მდგომარეობა დიკ დურბინი მიხეილ სააკაშვილს 20 წელია პირადად ვიცნობ. სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ ბოლო მოვლენებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. მე არ მაქვს ინფორმაცია მის სამართლებრივ ბრალდებებთან დაკავშირებით. არ ვარ სამედიცინო კუთხით ექსპერტი, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბრო, თუმცა ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. ყველას მოვუწოდებ ჰუმანური მოპყრობისკენ და მისი უფლებების დაცვისკენ. მიხეილ სააკაშვილს, ისივე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება. „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე დიკ დურბინი: ამ საკითხებზე ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ეს საკითხები შეხვედრებზე წამოვჭერით. ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი კანონი არის, ვთქვათ, გამჭვირვალობაზე და გამოვლენასთან დაკავშირებით. თუმცა, მთავარი არის ის, რომ ასეთმა კანონმა არ უნდა წაიყვანოს სიტუაცია იქეთ, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა საქმიანობა შეწყვიტონ და მათ საქმიანობის უფლება არ მიეცეთ. ეს ის მიმართულებაა, რაც რუსეთმა და ვენესუელამ აირჩია. ჯინ შაჰინი: მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ეს კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კანონის მსგავსი არ არის. ის რუსული კანონის მსგავსია. მსგავსი კანონი უნგრეთმაც მიიღო და ითქვა, რომ ეს არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების რეალიზებასთან. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება. უკრაინაზე დიკ დურბინი: უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინას, კიევს მოულოდნელად ეწვია. ეს კიდევ ერთი გამოხატულება იყო იმ მტკიცე მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ უკრაინის თავისუფლებას ვუცხადებთ. ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ ქართველი ხალხის უკრაინისადმი მხარდაჭერა. ერთ-ერთია ინდუსტრიული გენერატორებით უზრუნველყოფა, რაც თავად უკრაინელების მოთხოვნა იყო, რადგან მათ ეს სჭირდებოდათ. მეორე უკრაინელი ლტოლვილების მიღება იყო. დღეს ერთ-ერთ მათგანს შევხვდით. მან მართლაც ძალიან გულსატკენი ამბავი მოგვიყვა თუ რისი გავლა მოუწია მის ოჯახს, რუსეთის აგრესიის შედეგად. რუსეთის არაპროვოცირებულმა უსამართლო შეჭრამ და უკრაინელი ხახლის სიმამაცემ და ბრძოლამ, ძალიან ბევრი ევროპული ერი გააერთიანა, რასაც საქართველოც უერთდება. საქართველოს განცხადება, ევროკავშირის წევრობისათვის, ამ ძალისხმევის ნაწილია. ჩვენც პირობას ვდებთ, რომ ამ ძალისხმევას მხარს დავუჭერთ. ქართველი ხალხი მასზე შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან ისინი მტრისა და გამოწვევების წინააღმდეგ მტკიცედ დგანან. „მე საქართველოში მესამედ ვარ და იმედი მაქვს, რომ კიდევ დავბრუნდები. ყოველ ჯერზე, ქართველი ხალხი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ისინი სხვადასხვა მტრის, გამოწვევებისა და მისი ტერიტორიის მიტაცების წინააღმდეგ მტკიცედ დგანან. ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით 30 წელი,ა დგას და ეს მხარდაჭერა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა - „შეხვედრებზე მთავრობას მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ გააგრძელონ მხარდაჭერა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში“. „რამდენიმე დღის წინ შესრულდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, საქართველოში ყოფნა, რადგანაც საქართველომაც ზუსტად მსგავსი სიტუაცია გამოცადა საკუთარ თავზე 2008 წელს. დღეს შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, განვიხილეთ სტრატეგია, განსაკუთრებით, შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აშშ 30 წელია საქართველოს მხარდამხარ დგას და მხარს უჭერს საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებას იცხოვრონ დემოკრატიული ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. შეხვედრებზე მთავრობას ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ მხარდაჭერა გააგრძელონ ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.
რა საკითხები განიხილეს სენატორებმა პრემიერთან შეხვედრისას
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სენატორებთან საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ჯინ შაჰინსა და რიჩარდ დურბინს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეგიონისა და მსოფლიოსთვის კრიტიკულ დროს სენატორების ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია საზოგადოებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა და მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს. აღინიშნა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი. ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი მიესალმება სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებებში უფროს მრჩევლად ლუის ბონოს დანიშვნას. მთავრობის მეთაურმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარება და გამოწვევები. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.