თეგი: დროშის დღე
უკრაინა 23 აგვისტოს დროშის დღეს აღნიშნავს
23 აგვისტოს უკრაინის ყველა მოქალაქე ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს. თავად დღესასწაული შედარებით ახალია და უკრაინის მეორე პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ბრძანებულებით 2004 წლის 23 აგვისტოს დაწესდა. უკრაინის ეროვნული დროშა უმაღლესმა რადამ 1992 წლის 28 იანვარს დაამტკიცა. „დროშის ფერების ყველაზე პოპულარული ინტერპრეტაციის თანახმად, მისი ლურჯი ზოლი განასახიერებს მოწმენდილ ცას, ხოლო ყვითელი - ოქროს ხორბლის მინდვრებს“, - წერს უკრაინული მედია. ოფიციალურ სიმბოლოებში ლურჯი და ყვითელი ელემენტების კომბინაცია 1 256 წელს გამოიყენეს. კერძოდ, ლვოვის დაარსების დღეს და ქალაქის გერბს ლურჯ ფონზე ოქროს ლომი ამშვენებდა.
სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.
პრემიერი: დროშა საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ - დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „სახელმწიფო დროშა დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. „უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ - დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა - ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. ამ მომავლისთვის მრავალმა ქართველმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დღეს, პატივს მივაგებთ რა ჩვენს დროშას, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი მარადიული ხსოვნის წინაშე. განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს იცავენ მშვიდობასა და ერთიანობას; მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით ემსახურება საქართველოს გაძლიერებას. მშვიდობას, ერთიანობასა და კვლავაც წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!“ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
უკრაინა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს: ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ
უკრაინა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!“ წერს უკრაინის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. დღეს, 14 იანვარს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ, 2004 წელს მიიღო. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს დროშა უკვე არის კანდიდატი ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს. „სიამაყე, სიხარული, იმედი, ეს არის ის განცდები, რომელიც მეუფლება და ალბათ, თქვენც, როცა ამ დროშის შემოსვლას, აღმართვას ვუყურებთ. ეს დროშა ყველასთვის ძალიან ბევრს წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის სიმბოლო იმის, რისთვისაც ძალიან დიდხანს ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, კვდებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ჩვენთვის პატივსაცემი ყოფილიყო და წარმოადგენდეს სწორედ ხვალინდელი დღის იმედს. დროშა არის ჩვენი ერთიანობის სიმბოლო. ის, რაც საქართველო იყო და იქნება. ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება და მინდა, რომ ეს ახალგაზრდებს ვუთხრა: ეს არ არის მხოლოდ მატერიალური სიმბოლო, დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს, მისი ღირებულებები, მისი იდენტობა, მისი მრწამსი, მისი ბრძოლა წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ. ამიტომ, ჩვენ ყველას გვევალება დროშის პატივისცემა. ამავე დროს, უნდა ვგრძნობდეთ იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს. ჩვენ ყველანი ვართ ძალიან ამაყი, როცა ვუყურებთ ჩვენს სპორტსმენებს უცხოეთში, როცა გამარჯვებულები უყურებენ, როგორ აღიმართება ქართული დროშა. მადლობა მათ, რომ ამ ფორმით და ამ კუთხით წარმოადგენენ საქართველოს. ჩვენ ყველანი ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი, დიდი, ძლიერი ერთიანობა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ დროშის ქვეშ იცავენ ჩვენს ქვეყანას და დაიცავენ სადაც საჭირო იქნება. ყოველთვის ამ ქვეყნის სუვერენობის გარანტები იქნებიან ისინი, ამისთვის ჩვენი პატივისცემა და მადლიერება. ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს და ეს დროშა ამდენად არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ. დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, კარგავს თავის დანიშნულებას, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, ქვეყანასა და ნებისმიერ სახელმწიფოში, რასაც ხალხის ერთობა ჰქვია. მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია, თქვენ ეს დროშა უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ის ფასეულობები რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ის ფასეულობები ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი. თქვენ ყველას გესმით, დღეს მე რაზე ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად. თქვენ დაიცავით ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას. ეს დროშა იქნება მუდმივად მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო შენობა დროშის ფერებში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განათდა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება. საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ, 2004 წელს მიიღო.