თეგი: ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა
ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი დღეს, 7 აპრილს ცალმხრივად ჩაიკეტა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ, სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ. რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებმა რესპონდენტმა განუცხადეს, რომ მათთვის არავის განუმარტავს მიზეზები, არც ის რა ვადით დაწესდა ეს შეზღუდვა. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილების შეზღუდვაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ენგურის ხიდის ცალმხრივად დაკეტვის შესახებ, ჯერჯერობით კომენტარს არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს. ენგურის ხიდი ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მოქმედებს. მისი დახმარებით „საზღვარს“ ყოვედღიურად ასობით მოქალაქე კვეთს ორივე მიმართულებით. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები დანარჩენ საქართველოში ძირითადად ჯანდაცვის სერვისების მისაღებად და სურსათის საყიდლად მოდიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა ხიდზე შეზღუდვას აწესებს. ხიდი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არაერთხელ ჩაუკეტავთ. წყარო - რადიო თავისუფლება
ომბუდსმენი ხელისუფლებას მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა საოკუპაციო რეჟიმმა დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება. კერძოდ, ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით, დაიცვას ეს უფლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი ფუნქციონირებით. სახალხო დამცველის მიერ დღეს, 7 აპრილს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ საყურადღებოა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული ხელოვნური შეზღუდვები უმეტესად დღესასწაულებს ემთხვევა. „ე.წ. გამშვები პუნქტების, რომლებიც ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალებაა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან, ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის ენგურის ხიდი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელი, მხოლოდ ე.წ. გამშვები პუნქტი არ არის; ის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის განათლებასთან, უკეთეს, ხარისხიან სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიის აღებასთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან დამაკავშირებელი გზაა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტოა დარჩენილი და ვერ ახერხებს ოჯახის სხვა წევრებთან გადმოსვლას“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე მგზავრთა გადაადგილება 7 აპრილს, დილიდან შეზღუდა. ენგურის ხიდზე კი ცალმხრივად გადაადგილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ სამეგრელოში არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ, ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდნენ. გამონაკლისის სახით ორივე მიმართულებით გადაადგილებას ახერხებენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „საოკუპაციო ძალის აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის მორიგ აქტს და აუარესებს, როგორც ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ, ისე უსაფრთხოების გარემოს“. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილების შეზღუდვაზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 2017 წლამდე არსებობდა ოთხი ე.წ. გამშვები პუნქტი: ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია და საბერიო-ფახულანი. მათ ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვეთდა. 2017 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა გადაადგილების „უკეთ გაკონტროლების მიზნით“ მხოლოდ ორი „გამშვები პუნქტი“ დატოვა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან - ენგურის ხიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან - საბერიო-ფახულანის.
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „ხელისუფლებამ“ 25 ივნისს დილიდან ცალმხრივად ჩაკეტა დანარჩენ საქართველოსთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი „ენგურის ხიდი“. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „მთავრობის“ გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო „მთავრობა“ „საზღვარს“ სამი დღით კეტავს 24 ივნისს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთში "ვაგნერის" მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „ხელისუფლოებამ“ „საზღვრებზე“ კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი გამოცემა Apsnypress-ის თანახმად, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა მდინარე ენგურისა და ფსოუს გასწვრივ სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლის გაძლიერება და ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაცვა“.