ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი დღეს, 7 აპრილს ცალმხრივად ჩაიკეტა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ, სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ.

რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებმა რესპონდენტმა განუცხადეს, რომ მათთვის არავის განუმარტავს მიზეზები, არც ის რა ვადით დაწესდა ეს შეზღუდვა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილების შეზღუდვაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ენგურის ხიდის ცალმხრივად დაკეტვის შესახებ, ჯერჯერობით კომენტარს არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს.

ენგურის ხიდი ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მოქმედებს. მისი დახმარებით „საზღვარს“ ყოვედღიურად ასობით მოქალაქე კვეთს ორივე მიმართულებით.

ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები დანარჩენ საქართველოში ძირითადად ჯანდაცვის სერვისების მისაღებად და სურსათის საყიდლად მოდიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა ხიდზე შეზღუდვას აწესებს. ხიდი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არაერთხელ ჩაუკეტავთ.

წყარო - რადიო თავისუფლება