თეგი: ეროვნული გვარდია
204-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ,,კრწანისის" ბაზაზე საზეიმოდ დადეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი ბატალიონი შეემატა. 204-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ,,კრწანისის" ბაზაზე საზეიმოდ დადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა, რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. "ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ნორვეგიის შიდა გვარდიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმა
საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და ნორვეგიის შიდა გვარდიის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა მარტენ ეგენმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას ორი ქვეყნის გვარდიებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებისა და გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. "ხუთწლიანი გეგმა მიზნად ისახავს ბატალიონის, ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის შტაბის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებების (CPX) დაგეგმვასა და აღსრულებას, ტერიტორიული რეზერვის ქვედანაყოფების მომზადებისთვის კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე რეზერვისტთა წვრთნებზე დაკვირვებას. გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიის ((EUTM RCA) შესასრულებლად გაემგზავრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ, გვარდიის სხვა წარმომადგენლებმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრედერიკ კამპოსმა გააცილეს. მათ პირად შემადგენლობას მისიის ღირსეულად შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კაპიტან თორნიკე ღარიბაშვილის მეთაურობით, სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე, მოანას კემპზე შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართეს და ყურადღება თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ვეტერანები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით, სიგელებითა და საშტატო იარაღებით დაჯილდოვდნენ. ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით „თეთრი გიორგი“ დაჯილდოვდნენ: გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და პოლკოვნიკი კობა ბასარია. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.
ისრაელის მთავრობამ „ეროვნული გვარდიის“ შექმნას მხარი დაუჭირა
ისრაელის მთავრობამ ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ ულტრამემარჯვენე მინისტრის წინადადებას მხარი დაუჭირა. ბენ-გვირმა განაცხადა, რომ შენაერთი ფოკუსირებული იქნება არეულობებზე, პოლიტიკური კონკურენტები კი მას „მილიციის“ შექმნაში ადანაშაულებენ. ახალი ეროვნული გვარდიის ზუსტ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს კომიტეტი, რომელიც აერთიანებს ისრაელის უშიშროების ყველა უწყებას. ეს კომიტეტი რეკომენდაციებს 90 დღის განმავლობაში წარადგენს. ულტრამემარჯვენე პარტიის, „ებრაული ძალის“ თავმჯდომარემ, უშიშროების მინისტრმა ბენ-გვირმა, „ეროვნული გვარდიის“ შექმნის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლოს სისტემის რეფორმირების წინადადების განხილვები გადადო. ამ რეფორმის გეგმას ქვეყანაში მძლავრი პროტესტი მოჰყვა.
საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 33 წელი გავიდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას დაარსებიდან 33 წელი შეუსრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. „მინისტრმა შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებას თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ. ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საშტატო იარაღებით, სამკერდე ნიშნებითა და უწყებრივი მედლებით - ,,სამშობლოსათვის თავდადებული“, ,,გენერალი მაზნიაშვილი“, ,,გენერალი კვინიტაძე“, ,,გიორგი ანწუხელიძე“ და ,,თეთრი გიორგი” დაჯილდოვდნენ. 2023 წლის საუკეთესო ბატალიონს კი, „თეთრი გიორგის გამარჯვების გარდამავალი დროშა“ გადაეცა. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. დღეს ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, თავდაცვის ძალებისთვის მოქალაქეთა რეკრუტირება, საომარი და საგანგებო სიტუაციების/მდგომარეობის დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს. ეროვნული გვარდია სამხედრო სარიტუალო სამსახურისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიასა და ღონისძიებას ატარებს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი საქართველოში იმყოფებოდა
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორ ტომას კარდენს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. „შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. საქართველოში ვიზიტის განმავლობაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი მუხროვანში საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ესტუმრა. მან ასევე მოინახულა საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრი „პალდო“, სადაც ტერიტორიული რეზერვის სწავლებას დაესწრო.“