ისრაელის მთავრობამ ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ ულტრამემარჯვენე მინისტრის წინადადებას მხარი დაუჭირა. ბენ-გვირმა განაცხადა, რომ შენაერთი ფოკუსირებული იქნება არეულობებზე, პოლიტიკური კონკურენტები კი მას „მილიციის“ შექმნაში ადანაშაულებენ.
ახალი ეროვნული გვარდიის ზუსტ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს კომიტეტი, რომელიც აერთიანებს ისრაელის უშიშროების ყველა უწყებას. ეს კომიტეტი რეკომენდაციებს 90 დღის განმავლობაში წარადგენს.
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ებრაული ძალის“ თავმჯდომარემ, უშიშროების მინისტრმა ბენ-გვირმა, „ეროვნული გვარდიის“ შექმნის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლოს სისტემის რეფორმირების წინადადების განხილვები გადადო. ამ რეფორმის გეგმას ქვეყანაში მძლავრი პროტესტი მოჰყვა.