თეგი: ეროვნული ნაკრები
კობიაშვილი ნაკრების ფეხბურთელებზე: ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვამბობთ ჩვენ ყოველთვის
„ტყუილია რასაც საუბრობთ, რუსულ კანონთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ, საუბრობენ [ნაკრების ფეხბურთელები] იმაზე, რაც დიდი ხანია, დაადასტურეს, როგორც ღირსეულად, დამსახურებულად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ასე ღირსეულად, დამსახურებულად, გავალთ. [...] ბიჭებს ჩემი პასუხის გაცემა არ სჭირდებათ, ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის, რომ ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, არის ევროპაში, ეს დაადასტურეს ამ ბიჭებმა თავისი ღირსებით, როდესაც ღირსეულად და დამსახურებულად გავიდნენ", განაცხადა დღეს „ქართული ოცნების" დეპუტატმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სატელევიზიო მედიასთან კომენტარის დროს. დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის, 73 - „ქართული ოცნებიდან“, „ხალხის ძალიდან“ - 9 და „ევროპელი სოციალისტებიდან“ -1. მხარდამჭერთა შორისაა ლევან კობიაშვილი.
ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს
ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამის შესახებ ნათქვამია „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას. სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით, 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის,“ – აღნიშნულია განცხადებაში.