თეგი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

ნიკოლოზ სამხარაძე: მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ  პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. „რუსეთს სურს, შავი ზღვა გარდაქმნას შიდა წყლებად, სადაც მას ექნება მოქმედების სრული თავისუფლება. ეს გარემოება კი, თავისთავად, შეამცირებს სატრანზიტო პროექტების და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს და გაზრდის რუსეთის წვდომას რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ დერეფნებზე, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პარტნიორებმა ევროპასა და აშშ-ში კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ თავიანთი წარმომადგენლობა რეგიონში და გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რომ წინ აღუდგნენ რუსეთის ოკუპაციას შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა და უკრაინაში. „მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ არის - რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად რუსეთის ექსპანსიონიზმის და მისგან მომდინარე სხვა შესაძლო საფრთხეების შესაკავებლად იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება. მჯერა, რომ NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში აპართეიდის რეჟიმი დაამყარა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში აპართეიდის რეჟიმი დაამყარა. მან რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა დაგმო. „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა მიზნად ისახავს უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნას. რუსეთის ეს მცდელობა ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რომელიც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელა და სადაც მან ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა იმ სახით, რომ 250 000-მდე ეთნიკურ ქართველს არ აძლევს საშუალებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში; ქართველ ბავშვებს არ ეძლევათ უფლება, რომ განათლება მიიღონ ქართულ ენაზე და მუდმივად მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლა ოკუპირებულ რეგიონებში. დღეს, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ რეგიონებში დამყარებული აქვს აპართეიდის რეჟიმი, სადაც ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია გრძელდება. ეს ფაქტი დადასტურებული აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, სადაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. საქართველომ ასევე, მოიგო დავა საქართველოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოშიც, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეები დამნაშავედ სცნეს ომის დანაშაულების ჩადენაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ გამოსვლისას. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს მიერ უკრაინისთვის, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების კუთხით გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა, რათა უკრაინამ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებში დავები მოუგოს. მისი განცხადებით საქართველო იყო ის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც უკრაინამ შეიტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში. „საქართველო დაეხმარა უკრაინას, რომელიც არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი, შეეტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და საქართველო მომავალშიც გაუწევს მსგავს დახმარებას ჩვენს მეგობარ უკრაინას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ, მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში, მუდმივმოქმედი კომიტეტის და ბიუროს სხდომებში, რომლებიც ვარშავაში, პოლონეთის პარლამენტში გაიმართა.

უკრაინის დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადა

უკრაინის უმაღლესი რადას მუდმივი დელეგაცია, ბოიკოტს გამოუცხადებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას მას შემდეგ, რაც მუდმივმა კომიტეტმა ვერ შეცვალა წესები, რათა რუსეთის გაეძევებინა რუსეთის დელეგაცია, შესაბამისი განცხადება დელეგაციის წევრმა, ევგენია კრავჩუკმა გააკეთა. იუწყება უკრაინული მედია. „დღეიდან ჩვენ, უკრაინის დელეგაცია, ბოიკოტს ვუცხადებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ვიდრე ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არ ჩამოაყალიბებს თავის დამოკიდებულებას პროპაგანდისტებისა და ტერორისტული სახელმწიფოს, კრიმინალური სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ“, - წერს კრავჩუკი Facebook-ზე. პროტესტის ნიშნად, კომიტეტის სხდომა, ესტონეთისა და ლიეტუვის დელეგაციების წევრებმაც დატოვეს. მანამდე, ეუთო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკრიტიკა. მისი განცხადებით, 9-თვიანი უწყვეტი დანაშაულების შემდეგ, რუსეთი კვლავ რჩება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად. როგორც ცნობილია, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის მთავრობამ უარი განუცხადა ვიზების გაცემაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს. ისინი 24-26 ნოემბერს ვარშავაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე დასწრებას გეგმავდნენ. ცნობისთვის, ვარშავაში, ეუთოს საპარლამენტო სესიის სხდომა, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, სიბნელეში დაიწყო.