თეგი: ვლადიმირ სალავიოვი

უკრაინის უშიშროება: სოლოვიოვის მკვლელობას არ ვგეგმავთ, შესაძლოა, თავისით დაიხრჩოს

უკრაინის უშიშროების სამსახური (СБУ) რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ბრალდებას გამოეხმაურა. ბრალდების თანახმად, უკრაინის უშიშროების სამსახური ნეონაცისტურ დაჯგუფებას რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მოკვლის ბრძანებას აძლევდა. „პირველი - უკრაინის უშიშროება სისტემატურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ აპირებს სერიოზული კომენტარის გაკეთებას რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე, რომელთაც რუსული აუდიტორიისთვის იგონებენ. მეორე - ვ. სოლოვიოვი არ არის საზოგადო მოღვაწე, არამედ ის არის რიგითი პროპაგანდისტი, გებელსის რუსული ანალოგი, რომელიც, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად აგებს პასუხს საკუთარ დანაშაულებზე საერთაშორისო სასამართლოებზე. მესამე - უკრაინის უშიშროების სამსახური  ვ. სოლოვიოვის მკვლელობასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ამავდროულად, ფეიკებისა და ანტიუკრაინული ზიზღის რაოდენობის გათვალისწინებით, ის, შეიძლება, თავისით ჩაიხრჩოს საკუთარი იაფფასიანი პროპაგანდისტული საქმიანობის "პროდუქტში", – ამბობენ СБУ-ში. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური 25 აპრილს განაცხადა, რომ მათ დააკავეს ნეონაცისტური ორგანიზაციის, ნაციონალური სოციალიზმი/თეთრი ძალის წევრები, რომლებიც სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ. მანამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც ცნობილი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას გულისხმობდა. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, დაკავებული ნეონაცისტები, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ, აღიარებენ, რომ განიხილავდნენ პროპაგანდისტული მედიის, Россия сегодня-ს აღმასრულებელი დირექტორის, დმიტრი კისილიოვისა და ამავე მედიის ინგლისურენოვანი ოფისის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მკვლელობებსაც. რუსული მედიის მტკიცებით, ნეონაცისტებმა დაკითხვაზე აღიარეს, რომ დავალებებს СБУ-სგან იღებდნენ. ასევე წაიკითხეთ რუს პროპაგანდისტ ტელეწამყვანს იტალიაში, კომოს ტბაზე 8 მილიონი ევროს ღირებულების ორი ვილა ჩამოართვეს