უკრაინის უშიშროების სამსახური (СБУ) რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ბრალდებას გამოეხმაურა.
ბრალდების თანახმად, უკრაინის უშიშროების სამსახური ნეონაცისტურ დაჯგუფებას რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მოკვლის ბრძანებას აძლევდა.
„პირველი - უკრაინის უშიშროება სისტემატურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ აპირებს სერიოზული კომენტარის გაკეთებას რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე, რომელთაც რუსული აუდიტორიისთვის იგონებენ.
მეორე - ვ. სოლოვიოვი არ არის საზოგადო მოღვაწე, არამედ ის არის რიგითი პროპაგანდისტი, გებელსის რუსული ანალოგი, რომელიც, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად აგებს პასუხს საკუთარ დანაშაულებზე საერთაშორისო სასამართლოებზე.
მესამე - უკრაინის უშიშროების სამსახური ვ. სოლოვიოვის მკვლელობასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ამავდროულად, ფეიკებისა და ანტიუკრაინული ზიზღის რაოდენობის გათვალისწინებით, ის, შეიძლება, თავისით ჩაიხრჩოს საკუთარი იაფფასიანი პროპაგანდისტული საქმიანობის "პროდუქტში", – ამბობენ СБУ-ში.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური 25 აპრილს განაცხადა, რომ მათ დააკავეს ნეონაცისტური ორგანიზაციის, ნაციონალური სოციალიზმი/თეთრი ძალის წევრები, რომლებიც სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ. მანამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც ცნობილი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას გულისხმობდა.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, დაკავებული ნეონაცისტები, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ, აღიარებენ, რომ განიხილავდნენ პროპაგანდისტული მედიის, Россия сегодня-ს აღმასრულებელი დირექტორის, დმიტრი კისილიოვისა და ამავე მედიის ინგლისურენოვანი ოფისის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მკვლელობებსაც. რუსული მედიის მტკიცებით, ნეონაცისტებმა დაკითხვაზე აღიარეს, რომ დავალებებს СБУ-სგან იღებდნენ.
ასევე წაიკითხეთ