თეგი: ზურაბ აბდუშელიშვილი
თითქმის 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს
საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს. ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში გადმოასვენეს. როგორ მოხდა ნეშტის მოძიება, Europetime ამასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს ესაუბრა: ამ საკითხში პირადად ვიყავი ჩართული მთელ საელჩოს გუნდთან ერთად. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს შევძელით. გულწრფელად გეუბნებით, ეს იყო ჩემი, როგორც ელჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია. მადლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს,საქართველოს პარლამენტს, თბილისის მერიას, მათი უშუალო ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით მოხერხდა ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტის გადმოსვენება. ასევე, მადლობა უზბეკეთის ხელისუფლებას, ჩემს უზბეკ მეგობრებს, რომლებიც, მუდმივად გვერდში მედგნენ, ჩვენი ქვეყნებისთვის ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომლებიც კიდევ უფრო აღრმავებდა და განამტკიცებდა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს. მე როგორც ელჩი, დღეს ამაყი ვარ, რადგან ჩემი მოქალაქეობრივი, მამულიშვილური მოკრძალებული წვლილი შევიტანე და თითქმის 100 წლის შემდეგ, შევძელით და მშობლიურ მიწას მივაბარებთ მისი ღირსეული შვილის ნეშტს“, - განუცხადა Europetime-ს საქართველოს ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში. როგორც ელჩი Europetime-თან ამბობს, 2019 წელს, საქართველოს პარლამენტის სახელით, გია ვოლსკის წერილის საფუძველზე დაიწყეს საფლავის ძიება. „როგორც აღმოჩნდა, იგი დაუკრძალიათ ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე, შემდეგ იყო უკვე მისი საფლავის მოძიების პროცესი. მოგეხსენებათ, ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს, პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. ხოლო, 1919 წელს, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს, ის დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს. ცნობისათვის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა
ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შარშან იმყოფებოდა და დღეს საპასუხო ვიზიტი შედგა. ამის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ აბდუშელიშვილმა განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოსთან მიმართებაში „შუა დერეფანმა“, უზბეკები მზად არიან განახორციელონ საინვესტიციო პაკეტები, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ მაღალ დონეზე წევს. „მიმდინარე წლებში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან განვითარდა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა. დღეს ვიზიტით საქართველოში იმყოფება უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი დიდი ეკონომიკური ჯგუფის შემადგენლობით. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებაში „შუა დერეფნის“ აქტუალურობამ. მზად არიან განახორციელონ საინვესტიციო პაკეტები, ეს იქნება ტექსტილის წარმოება, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბების შექმნა, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ მაღალ დონეზე წევს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც, ამ ორ ქვეყანას შორის, უზბეკეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და საერთოდ, მეგობრული ურთიერთობები გამოიწვევს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ზრდას, ტურიზმის სფეროში ძალიან დიდი დინებებია, ტურისტული, უზბეკეთის მხრიდან. მისასალმებელია, რადგან ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მეტიც, შეიძლება ითქვას, ესეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში არ განხორციელებულა. ეს გახლავთ საპასუხო ვიზიტი. შარშან, როგორც იცით, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ უზბეკეთის რესპუბლიკაში. იქვე გაიმართა წინასწარი შეთანხმებები ეკონომიკური ბლოკის მიმართებაში, პოლიტიკური ბლოკის მიმართებაში და დღეს დღეისობით, ბატონი არიპოვი საქართველოში იმყოფება საპასუხო ვიზიტით. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საკმაოდ დიდ ძვრას გამოიწვევს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ვითარებაში,“- განაცხადა ზურა აბდუშელიშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, აბდულა არიპოვს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღნიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის კიდევ მეტი პოტენციალი არსებობს. ისაუბრეს უზბეკეთის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას. ხელი მოეწერა ასევე ხელშეკრულებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან კი უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე დავრონ ვახაბოვმა.