საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს.
- ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში გადმოასვენეს.
როგორ მოხდა ნეშტის მოძიება, Europetime ამასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს ესაუბრა:
ამ საკითხში პირადად ვიყავი ჩართული მთელ საელჩოს გუნდთან ერთად. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს შევძელით. გულწრფელად გეუბნებით, ეს იყო ჩემი, როგორც ელჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია.
მადლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს,საქართველოს პარლამენტს, თბილისის მერიას, მათი უშუალო ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით მოხერხდა ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტის გადმოსვენება. ასევე, მადლობა უზბეკეთის ხელისუფლებას, ჩემს უზბეკ მეგობრებს, რომლებიც, მუდმივად გვერდში მედგნენ, ჩვენი ქვეყნებისთვის ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომლებიც კიდევ უფრო აღრმავებდა და განამტკიცებდა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს. მე როგორც ელჩი, დღეს ამაყი ვარ, რადგან ჩემი მოქალაქეობრივი, მამულიშვილური მოკრძალებული წვლილი შევიტანე და თითქმის 100 წლის შემდეგ, შევძელით და მშობლიურ მიწას მივაბარებთ მისი ღირსეული შვილის ნეშტს“, - განუცხადა Europetime-ს საქართველოს ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში.
როგორც ელჩი Europetime-თან ამბობს, 2019 წელს, საქართველოს პარლამენტის სახელით, გია ვოლსკის წერილის საფუძველზე დაიწყეს საფლავის ძიება.
„როგორც აღმოჩნდა, იგი დაუკრძალიათ ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე, შემდეგ იყო უკვე მისი საფლავის მოძიების პროცესი.
მოგეხსენებათ, ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს, პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.
1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.
1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. ხოლო, 1919 წელს, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს, ის დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს.
საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს.
ცნობისათვის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.