თეგი: თამარ ტალიაშვილი

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა. ევროსაბჭოს წარმომადგენლობით სტრუქტურებში თამარ ტალიაშვილის საქმიანი გამოცდილება საქართველოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრის სტატუსით 2017 წლიდან იწყება. 2018 წელს სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესმა იგი აირჩია ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში 2021 წელს თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მომხსენებლად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით 2022 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარედ.    

თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.  „მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. მინდა, აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო. აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე," - განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ. მის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს.