თეგი: იარაღის ექსპორტი

საფრანგეთმა შესაძლოა, რუსეთს მსოფლიოში იარაღის მეორე ექსპორტიორის ადგილი ჩამოართვას - France 24

France 24-ის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსული იარაღის გლობალურ გაყიდვაზე. ამ მხრივ, იზრდება მოლოდინი, რომ საფრანგეთს შეუძლია, მსოფლიოში სამხედრო პროდუქციის ექსპორტიორებში მეორე ადგილი დაიკავოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამ პოზიციას დაკარგავს. პირველი ადგილი აშშ-ს ეკუთვნის. 2018 წლიდან 2022 წლამდე საფრანგეთის წილი იარაღის გლობალურ ვაჭრობაში, წინა ოთხწლიანი პერიოდის 7,1 პროცენტიდან, 11 პროცენტამდე გაიზარდა. ეს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის  - SIPRI-ის მონაცემებია. იმავე პერიოდში რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ვაჭრობაში 22 პროცენტიდან 16 პროცენტამდე დაეცა. 2022 წელს და 2023 წლის დასაწყისში იარაღის წარმოების შეკვეთები კი, საფრანგეთის სასარგებლოდ სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს.  ეს შესამჩნევი იყო ჯერ კიდევ დელისა და პარიზს შორის კონტრაქტის ხელმოწერამდე, რომელიც ფრანგული Rafale-ის ტიპის მოიერიშეების ინდოეთში მიწოდებას გულისხმობს. SIPRI-ის მკვლევრების თანახმად, საფრანგეთი ამჟამად 210 მრავალფუნქციური გამანადგურებლის შეკვეთას იღებს, ხოლო რუსეთს შეკვეთების სიაში მხოლოდ 84 საბრძოლო თვითმფრინავი აქვს.  

Politico: აშშ-ის იარაღის ექსპორტი 50%-ზე მეტით გაიზარდა

Politico-ს ცნობით, 2023 წელს აშშ-ის იარაღის ექსპორტი 2022 წელთან შედარებით, 50%-ზე მეტით გაიზარდა, რამაც თავდაცვის კომპანიებს 81 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. გამოცემა Politico სახელმწიფო დეპარტამენტის არასაჯარო მონაცემებს ეყრდნობა. მოხსენების თანახმად, პოლონეთსა და გერმანიაში, თავდასხმის და სატრანსპორტო ვერტმფრენების და შორი დისტანციის რაკეტების გამშვებების გაყიდვებმა, დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინა. გერმანიამ, ჩეხეთმა, ბულგარეთმა და ნორვეგიამ ასევე დადეს მილიარდიანი გარიგებები აშშ-ის იარაღის მწარმოებლებთან, რადგან შიშობენ, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის საზღვრებს მიღმა გავრცელდება. შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას 1,8 მილიარდი დოლარის გარიგებაზე, რადგან ინდოეთი მოსკოვისგან, მისი უმსხვილესი იარაღის მიმწოდებლისგან დისტანცირებას ცდილობს. რუსეთი ისტორიულად, მსოფლიოში იარაღის სიდიდით მეორე ექსპორტიორი იყო. მაგრამ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) 2023 წლის სექტემბრის მოხსენებამ აჩვენა, რომ გლობალურ თავდაცვის ინდუსტრიაში რუსეთის როლი, უკრაინაში მის მიერ წარმოებულმა ომმა სერიოზულად შეარყია.