თეგი: იემენი
აშშ-მ და ბრიტანეთმა იემენში, მეამბოხეთა ბაზები, 60-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს
აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა გააკეთა. ალექს გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. „ერთგულნი ვართ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მიმართ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რათა დავიცვათ ისინი ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფებისგან, მათ შორის, „ჰუსიტებისგან“ და საფრთხისგან, რომელსაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნიან,“ - აღნიშნულია გრინკევიჩის განცხადებაში. მანამდე „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დარტყმები რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, აეროპორტებზე განხორციელდა. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო, მოეშალათ „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რათა მათ ვეღარ შეძლონ, საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებს და გლობალურ ვაჭრობას დაემუქრონ. ოსტინის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე იყო „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენი აპარატი, უეკიპაჟო ხომალდი, სახმელეთო თავდასხმის ფრთოსანი რაკეტა და სანაპირო რადარისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობები. „კოალიციის დღევანდელი ქმედება მკაფიო გზავნილს უგზავნის „ჰუსიტებს“, რომ ისინი კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან, თუ არ დაასრულებენ უკანონო თავდასხმებს,“ - აღნიშნულია მის განცხადებაში. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი „ჰუსიტების“ ობიექტებზე ავიაიერიშს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ მან გასცა მითითება „წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმის პირდაპირ საპასუხოდ.“ ჯო ბაიდენის თქმით, თავდასხმები მისი მითითებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტები“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში. „აშშ და მისი მოკავშირეები არ მოითმენენ თავდასხმებს ჩვენს პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა საფრთხე შეუქმნან ნავიგაციის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე," - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით. ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზომებსაც მიიღებენ. „უყოყმანოდ მივიღებ შემდგომ ზომებს ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერის, რიში სუნაკის ინფორმაციით, "ჰუსიტების" ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში სამეფო საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ. „გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ნავიგაციის თავისუფლებას და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს,“ - აცხადებს სუნაკი. სუნაკის თქმით, „ჰუსიტების“ მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმები სახიფათოა და ასე გაგრძელება შეუძლებელია. „მოვუწოდებთ მათ შეწყვიტონ თავდასხმები და მიიღონ ზომები დეესკალაციისთვის,“ - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერი. ენტონი ბლინკენი: წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ირანიდან და იემენიდან გაშვებული 80-ზე მეტი დრონი გაანადგურეს
აშშ-ის ძალებმა ისრაელზე თავდასხმის დროს ცალმხრივი თავდასხმის 80-ზე მეტი დრონი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ოპერაცია მოიცავდა ბალისტიკური რაკეტის განადგურებას მის გამშვებზე და შვიდი უპილოტო საფრენი განადგურებას იემენის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ აკონტროლებენ. „ირანის უწყვეტი უპრეცედენტო, მავნებლური და უგუნური ქცევა საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და აშშ-ისა და კოალიციის ძალების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.