თეგი: იმპიჩმენტი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. კერძოდ, კონსტიტუციური წარდგინება ეხება საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხს. „ განხილვის საგანია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით,” - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. მაიორკასის იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა „დემოკრატებთან“ ერთად სამმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმაც მისცა. წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, რეზოლუცია 214 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღო. „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ მაიორკასმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები და გადაცდომები სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით. მაიორკასსთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადი სენატი განსაზღვრავს. CNN-ი იუწყება, რომ არსებობს მოლოდინი, ყველა „დემოკრატი“ ხმას მისცემს იპიჩმენტის უარყოფას, რადგან ისინი შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს ფარსს და სისულელეს უწოდებენ. მაიორკასი აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის პირველი მინისტრია ბოლო თითქმის 150 წლის განმავლობაში, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს. რესპუბლიკელები მაიორკასს ადანაშაულებენ კონგრესისთვის ყალბი ცნობების მიწოდებასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონების შეუსრულებლობაში, რამაც მათი აზრით, გამოიწვია ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების სარეკორდო ნაკადი. ალეხანდრო მაიორკასი და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რესპუბლიკელების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. თანამდებობიდან მინისტრის გადაყენებას სენატის თანხმობაც სჭირდება. სენატში, რომლის წევრთა უმრავლესობა დემოკრატია, მაიორკასის იმპიჩმენტს მხარდაჭერა არ ექნება. აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის გადაწყვეტილებას ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, უწოდა რესპუბლიკელების არაკონსტიტუციური, პარტიული ანგაჟირების აღმაშფოთებელი მაგალითი, რომელიც წვრილმანი პოლიტიკური თამაშების გამო გამოიყენეს პატიოსანი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ.