თეგი: ირაკლი ნადირაძე
ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს
ირაკლი ნადირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად, პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში განაცხადა. „დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მიმართ. ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები“, - განაცხადა ნადირაძემ. მისივე თქმით, პარტიამ ახალი ძალებით უნდა იბრძოლოს. „თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ამ ქვეყნის თავისუფლება, ოლიგარქიის დამარცხება, უნდა ვიბრძოლოთ ახალი ძალებით, ახალი ენერგიით და ახალი ენთუზიაზმით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და პარტია აუცილებლად გაძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ნადირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ შევა. „ჩვენს კოლეგას, საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს 40-ზე მეტი ადამიანი დაესხა ჯგუფურად თავს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ვიდეო მტკიცებულება და ფაქტი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დასჯილი. ის ათეულობით დამნაშავე, ბანდიტი, ჯერ კიდევ დაუსჯელია. “ქართულ ოცნებას” ჰქონდა და აქვს კიდევ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაეყვანა თითქოს და იყო პირადი ანგარიშსწორება და დაპირისპირება, თუმცა ამ ვიდეომტკიცებულებებში ცალსახად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება და შურისძიება ირაკლი ეძგვერაძის საქმიანობის გამო, რომელიც ამ ადამიანს უკავშირდება 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული. კერძოდ, ვგულისხმობ კახი კალაძის გლდანში დამარცხებას. შემდგომ უკვე საკრებულოში ამ ადამიანის აქტიურობამ მიიყვანა ეს ხალხი, ეს ბანდიტები ამ მდგომარეობამდე, რომ ჯგუფურად გასწორებოდნენ. დღეს ბოიკოტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამით კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილია ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც შეუძლია მათ შორის საკრებულოს დეპუტატებზე იძალადოს, როგორც ძალადობს ქუჩაში ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებზე”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.