ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ირაკლი ნადირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად, პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. 

ამის შესახებ დღეს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში განაცხადა. 

„დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მიმართ.

ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები“, - განაცხადა ნადირაძემ. 

მისივე თქმით, პარტიამ ახალი ძალებით უნდა იბრძოლოს. 

„თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ამ ქვეყნის თავისუფლება, ოლიგარქიის დამარცხება, უნდა ვიბრძოლოთ ახალი ძალებით, ახალი ენერგიით და ახალი ენთუზიაზმით.

ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და პარტია აუცილებლად გაძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.