თეგი: კანონმდებლობა
დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შევა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ გაიზრდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. კერძოდ, საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მიეცემათ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. კანონპროექტით, სამსახურის უფროსი ვალდებული იქნება, დაზვერვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, სამსახურში მიღებული პირები დაინიშნებიან გამოსაცდელი ვადით და დაექვემდებარებიან სპეციალური მომზადების კურსების გავლას. გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის წარმომადგენლების მივლენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების შემთხვევაში. „კანონპროექტი მიზნდა ისახავს სადაზვერვო სისტემის დახვეწას და მის შემდგომ განვითარებას, ასევე დაზვერვის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას“, - აღნიშნა დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ. კანონპროექტის ავტორია საქართველოს დაზვერვის სამსახური, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
სალომე ზურაბიშვილი: ფემიციდი არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა. „ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებული იყოს ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზომები იქნება მიღებული“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
გაეროს სააგენტოთა ჯგუფი, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაციის დაკანონება არ გადადოს
საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებაზე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია. ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, ეს რეგულაცია ძალაში მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვადაში შევა. საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების, მისგან გამოწვეული ძალზე დიდი ჯანდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც მოგვიანებით ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტების და ორგანიზაციების მიერ აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო რეგულაცია, რომელიც სამაგალითო გახდა მრავალი ქვეყნისთვის. ამ კანონის, ასევე თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვა კომპონენტების წარმატებული დანერგვიდან უკვე 2 წლის შემდგომ, ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, დაფიქსირდა თამბაქოს მოხმარების და თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურების მნიშვნელოვანი კლება, შემცირების ტენდენციები გაჩნდა მასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართულებითაც. აუცილებელია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ყოვლისმომცველი პოლიტიკის სრულფასოვნად და მდგრადად განხორციელება მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად. თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რეგულაციაა, რომელიც მიმზიდველობას უკარგავს თამბაქოს პროდუქტებს და ამცირებს თამბაქოს მავნეობის შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. მივესალმებით საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ მტკიცე პოზიციას თამბაქოს კონტროლის რეგულაციების შეუფერხებელი ამოქმედების კუთხით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებას, და უზრუნველყოფს მის ამოქმედებას 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას. დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადის 2024 წლის 31 ივნისამდე გადაიწევს მხარი დაუჭირა. რის საფუძველძეც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება
ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ანრი ოხანაშვილმა, მაია ბითაძემ, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა მოამზადეს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია - დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: - ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ - დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. ამავე პროექტის გათვალისწინებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ - ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე. „ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გახშირდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მართალია, “სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად ცხოველების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა დასჯადია, თუმცა აღნიშნული დანაშაულის უკეთ პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია, მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება
მმართველი გუნდი რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. პარლამენტში სპეციალური განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტი ახლო მომავალში იქნება ინიცირებული. ოხანაშვილის განცხადებით, მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისათვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას. როგორც მან განმარტა „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო საკითხის შესწავლა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა, შევისწავლით საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.). ამიტომ, ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს (მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს). შედეგად, ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება," - განაცხადა ოხანაშვილმა. სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო