დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ გაიზრდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. კერძოდ, საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მიეცემათ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით.

კანონპროექტით, სამსახურის უფროსი ვალდებული იქნება, დაზვერვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, სამსახურში მიღებული პირები დაინიშნებიან გამოსაცდელი ვადით და დაექვემდებარებიან სპეციალური მომზადების კურსების გავლას.

გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის წარმომადგენლების მივლენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების შემთხვევაში.

„კანონპროექტი მიზნდა ისახავს სადაზვერვო სისტემის დახვეწას და მის შემდგომ განვითარებას, ასევე დაზვერვის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას“, - აღნიშნა დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს დაზვერვის სამსახური, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.