თეგი: კოვიდშეზღუდვები
ჩინეთის პოლიციამ BBC-ის ჟურნალისტი დააკავა
BBC-ის ჟურნალისტი ედ ლოურენსი ჩინეთის პოლიციამ, შანხაიში ჩინეთის „კოვიდ-პოლიტიკის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში Covid-ის შეზღუდვების წინააღმდეგ. ლოურენსი რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. BBC-მ განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ ჟურნალისტის მიმართ მოპყრობით. თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლებამ განმარტა, რომ ჟურნალისტს თავი მედიის წარმომადგენლად არ წარუდგენია.
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს NATO-ს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ითქვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს ეგიდით საერთაშორისო მისიებში და მზად არის, მომავალშიც დადგეს NATO-ს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მხარი დაუჭიროს ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში ჯოზეფ ბილბო ესწრებოდნენ.