თეგი: ლევან იზორია
ლევან იზორია: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დამატებითი შესაძლებლობაა
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რაც კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა იქნება ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გაცხადებისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას და ურყევ პოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა. ელჩის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. „გამოვყოფდი სამხრეთ კავკასიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციას, ასევე გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებასთან. პანელზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროექტები ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთთან და დისკუსიაში ჩართული იქნებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, განსაკუთრებით გამოვყოფ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ეუთო-ს გენერალური მდივნის მონაწილეობას. რაც შეეხება ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი, როგორც გლობალური, რეგიონული, ისე ორმხრივი შეხვედრების ასპექტები, მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამყარებას, როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ბერლინში საქართველოს ელჩების შეხვედრაზე განვიხილავთ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს - იზორია
დღეს ქალაქ ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა გაიმართება. როგორც გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილავენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ბერლინში ტარდება საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილავთ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა. მინდა, აღვნიშნო საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი ბერბოკის ვიზიტის ორგანიზება, სადაც ძალიან ძლიერი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. ეს შეხვედრაც იქნება ერთგვარი მობილიზება ევროპის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით, მხარდამჭერ ქვეყანაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რათა ამ ბოლო ეტაპზე, როდესაც მთელი საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს ევროკომიისგან, ჩვენი პარტნიორებისგან ძალების მობილიზაცია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ე.წ. აგენტების კანონზე სასაუბროდ საქართველოს ელჩი მიიწვია
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ მან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე სასაუბროდ საქართველოს ელჩი მიიწვია. „მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, რათა ვისაუბრო მასთან "აგენტების კანონზე." მადლობა ამისთვის. მე მხარს ვუჭერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს - კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ,“ წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით