თეგი: ლევან სილაგავა

ლევან სილაგავა: ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. როგორც სილაგავამ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვა საიმპორტო გადასახადის სხვაობამ განაპირობა. „სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“, - აცხადებს სილაგავა. მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ. „თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფში, რომელშიც შედიოდა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. გვქონდა წარდგენილი წინადადებები საგადასახადო რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენი აზრით გაუმჯობესდება სიტუაცია, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ახლა წერილი შევიტანეთ პრემიერ-მინისტრთან. ერთადერთი გამოსავალი პრემიერთან შეხვედრა და ჩვენი წინადადების დაყენებაა, რადგან გადამწყვეტი სიტყვა პრემიერის არის“,- აცხადებს სილაგავა. 2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის იმპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. მარტში ქვეყანაში 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), ეს კი 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მარტში საქართველოში 22 920 ტონა ხორბალი შემოვიდა (5,303 მლნ დოლარის ღირებულების). რაც შეეხება იანვარ-მარტს, პირველ კვარტალში ხორბლის იმპორტმა შეადგინა 33 507 ტონა (10,617 მლნ დოლარის ღირებულების), 2021 წლის 3 თვეში კი 90 195 ტონა ხორბალი შემოვიდა (21,226 მლნ დოლარის ღირებულების). Europetime-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა შეკითხვით, რა მოცულობის ხორბლის მარაგი აქვს სახელმწიფოს და არსებობს თუ არა წისქვილკომბინატების გაჩერების საფრთხე. უწყების კომენტარს, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  ასევე წაიკითხეთ  გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი

ლევან სილაგავა: ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაცია მარტამდე შენარჩუნდება

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაცია მარტამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი გამოწვევები იქნება. „მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, გამოწვევები გაზაფხულზე იქნება. ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, თვითონ მუშა-მოსამსახურეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მსყიდველუნარიანობა ძველი ხელფასით დაბალია. ეს პროცენტი თვითონ წარმოებებში საკმაოდ მაღალია. თავისთავად ცხადია, ხელფასების მომატება უკვე პროდუქციის გაძვირებას იწვევს. შესაბამისად, გაზაფხულისთვის სავარაუდოდ, ამ მიმართულებითაც იქნება სირთულეები. ერთი მხრივ, თავისთავად ცხადია, ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ სოციალურ პროდუქციას ვაწარმოებთ და ყველა ითხოვს, რომ ეს ფასები არ გაიზარდოს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მუშა-ხელს ხელფასი არ მოემატა, მათი შენარჩუნება რთულდება და ეს საბოლოოდ ფასს აწვება,“ - განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართული პრესკონფერენციაზე.  

ლევან სილაგავა: ხორბლის შემოსვლა შემცირებულია, ფქვილის შემოსვლა გაზრდილი

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, საქართველოში ორი თვის ხორბლის მარაგია. ამის შესახებ სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა. „ხორბლის შემოსვლა შემცირებულია, ფქვილის შემოსვლა გაზრდილი. ჩვენ ვუბრუნდებით იმ სიტუაციას, რაც შარშან იყო. მთლიანობაში, არ ვიცი ტენდენციის განვითარება როგორი იქნება. ახლა ტრენდს ველოდებით, იმიტომ, რომ ტრადიციულად ახალი წლის დღეებში ასე ხდება, რომ აქტიურად ვაჭრობა მსოფლიო ბაზრებზე უფრო შეზღუდული რაოდენობით მიმდინარეობს, დეკემბრის თვის შემდეგ შემცირებულია ვაჭრობა და ბრუნვა. აქედან გამომდინარე, ის ფასები, რომლებიც დაფიქსირდა მოსკოვის ბირჟაზე (იქიდან ანგარიშდება მცურავი ბაჟი), არ იძლევა ზუსტ ანალიზს იმასთან მიმართებით, როგორ განვითარდება მცურავი ბაჟის ტენდენცია. გაზრდა ძირითად მოხდა რუბლის გაუფასურების გამო, ანუ სავალუტო გაუფასურების გამო და არა ხორბლის ფასის თვითონ დოლარში გაზრდის გამო. ახლა ველოდებით შემდეგ ვაჭრობას, რომელიც ამ თვის ბოლოს იქნება და მერე ჩამოყალიბდება ძირითადი ტრენდი. ჩვენ დეკემბრის თვეში შემოვიტანეთ ხორბალი, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დოლარის კურსმა საშუალება მისცა მცურავ ბაჟს, რომ ყოფილიყო 40 დოლარის ფარგლებში, დღევანდელი კურსით უკვე 68 დოლარია დაფიქსირებული. ხორბლის მარაგი არის დაახლოებით ორი თვის, თუმცა დღეს არის ისეთი სიტუაცია, როდესაც თვითონ წისქვილები ტრენდის ჩამოყალიბებას ელოდებიან, ხორბალი თუ ფქვილი შემოიტანონ. შარშანაც ასე იყო რუსეთის საექსპერტო მცურავი ბაჟიდან გამომდინარე. ტენდენცია იყო, როდესაც ხორბლის შემოტანას აზრი არ ჰქონდა. ეს მცურავი ბაჟი ხორბალზე მოქმედებს და ფქვილზე არ მოქმედებს. შესაბამისად, ის დროა, როდესაც გარკვეულწილად უნდა განისაზღვროს, რას იზამენ წისქვილები და იმპორტიორები საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, რას ამჯობინებენ“, - განაცხადა სილაგავამ.  

ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, ადგილობრივი ფერმერები კი ხორბალს ვერ აბარებენ - სილაგავა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, ადგილობრივი ფერმერები კი ხორბალს ვერ აბარებენ. „ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. გასული წლის ვითარება მეორდება. მიზეზია რუსეთთან საექსპორტო გადასახადი ხორბალზე და არარსებული გადასახადი ფქვილზე. ეს იმის პირობებს ქმნის, რომ აგრესიულად შემოვიდეს ფქვილი და გაჩერდეს წისქვილკომბინატების მუშაობა. გასულ წელთან შედარებით, ამას წელს დაემატა ადგილობრივი ფერმერების პრობლემა. ადგილობრივ ფერმერებთან დაგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ჩაუბარებელი ხორბალი, რომელსაც წისქვილკომბინატი ვერ იბარებს. შესაბამისად, ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ფერმერებს პრობლემა აქვთ, ვერ იწყებენ ახალი მოსავლისთვის მზადებას. ვითხოვთ ფქვილზე მოსაკრებლის შემოღებას. ამ შემთხვევაში, გარანტიას ვიძლევით, რომ პურის ფასთან მიმართებაში, ფასი შენარჩუნებული იქნება. მეორე-გარანტიას ვიძლევით, რომ ის აუთვისებელი ხორბალი, რომელიც ფერმერებთან არის დაგროვილი, რეალიზებული იქნება წისქვილკომბინატების მიერ. მესამე-გარანტიას ვიძლევი, რომ საქართველოში იქნება ხორბლის 2-თვიანი გარდამავალი მარაგები, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნავს სილაგავა მედიაცენტრ „მთავარში“.