„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია.
როგორც სილაგავამ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვა საიმპორტო გადასახადის სხვაობამ განაპირობა.
„სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“, - აცხადებს სილაგავა.
მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ.
„თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფში, რომელშიც შედიოდა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. გვქონდა წარდგენილი წინადადებები საგადასახადო რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენი აზრით გაუმჯობესდება სიტუაცია, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ახლა წერილი შევიტანეთ პრემიერ-მინისტრთან. ერთადერთი გამოსავალი პრემიერთან შეხვედრა და ჩვენი წინადადების დაყენებაა, რადგან გადამწყვეტი სიტყვა პრემიერის არის“,- აცხადებს სილაგავა.
2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის იმპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. მარტში ქვეყანაში 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), ეს კი 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მარტში საქართველოში 22 920 ტონა ხორბალი შემოვიდა (5,303 მლნ დოლარის ღირებულების). რაც შეეხება იანვარ-მარტს, პირველ კვარტალში ხორბლის იმპორტმა შეადგინა 33 507 ტონა (10,617 მლნ დოლარის ღირებულების), 2021 წლის 3 თვეში კი 90 195 ტონა ხორბალი შემოვიდა (21,226 მლნ დოლარის ღირებულების).
Europetime-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა შეკითხვით, რა მოცულობის ხორბლის მარაგი აქვს სახელმწიფოს და არსებობს თუ არა წისქვილკომბინატების გაჩერების საფრთხე. უწყების კომენტარს, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ასევე წაიკითხეთ