თეგი: მაიკ უოლცი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი იქნება

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რესპუბლიკელი მაიკ უოლცი აირჩია. აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაადასტურა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ ვოლცს დანიშნავს. „მაიკი პირველი მწვანე ბერეტია [აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალები], რომელიც კონგრესში აირჩიეს და მანამდე თეთრ სახლსა და პენტაგონში მსახურობდა," - წერს ტრამპი. მაიკ უოლცი აშშ-ის არმიის სპეცრაზმის, „მწვანე ბერეტების“ ვეტერანია, იგი მსახურობდა ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2019 წლიდან მაიკ უოლცი წარმოადგენს კონგრესის ოლქს პალატაში, სადაც არის შეიარაღებული ძალების, საგარეო საქმეთა და დაზვერვის კომიტეტების წევრი. 4 ნოემბერს NPR-თან ინტერვიუში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს „ბერკეტები“, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს ომის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად. 2022 წელს ვოლცმა უკრაინისთვის "ლენდ-ლიზის" ამოქმედებას დაუჭირა მხარი. უოლცი 2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, მიეწოდებინა მეტი ამუნიცია და შეიარაღება კიევისთვის, რათა უკრაინელებს აეძულებინათ, რუსები უკან დაეხიათ. უოლცი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და ის წლების განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. მას აქვს პოლკოვნიკის წოდება. საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის დროს უოლცი ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთს და საუბრობდა მზარდ საფრთხეებზე აზიაში. მისი აზრით ამერიკის შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს რეგიონში პოტენციური კონფლიქტისთვის. იმისათვის, რომ უოლცმა ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს, მას სენატის მხარდაჭერა არ სჭირდება. ამ დროისთვის, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ საუბრობს დეტალებზე მისი კაბინეტის შესახებ. უშუალოდ მის მიერ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის აპარატს, პირველად ქალი სიუზი უაილსი უხელმძღვანელებს. უაილსი ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელი იყო. ასევე ცნობილია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში "საზღვრით მეფე" ტომ ჰომენი იქნება. არსებობს მოლოდინი, რომ 13 ნოემბერს, როცა დონალდ ტრამპი 2021 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდება თეთრ სახლში, როდესაც მას პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს. დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, იმის შესახებ თუ როგორ დაკომპლექტდება მისი ახალი კაბინეტი.  

გაეროში აშშ-ის ელჩი: აშშ და მოკავშირეები NATO-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ - რუსეთმა სახიფათო ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს

გაეროში აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ NATO-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს. სხდომა ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია. „სულ რაღაც ცხრა დღის წინ, ეს საბჭო შეიკრიბა და რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა განიხილა. საბჭომ რუსეთს მოუწოდა, რომ უკრაინაში ომი დაესრულებინა და შეეწყვიტა ისეთი ქმედებები, რომელიც კონფლიქტის გაფართოების საფრთხეს შექმნიდა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა NATO-ს საჰერო სივრცე კიდევ დაარღვია,“ - განაცხადა მაიკ უოლცმა. უოლცმა რუსეთს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა. „აშშ და ჩვენი მოკავშირეები NATO-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ. რუსეთმა მსგავსი სახიფათო ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს. ეს ინციდენტი, რომელიც რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას მოჰყვა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს ესკალაცია და უკრაინასთან კონფლიქტში მეტი ქვეყნის ჩართვა სურს, ან ის სრულად ვერ აკონტროლებს მათ, ვინც გამანადგურებლებსა და დრონებს მართავს,“ - აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს თავდაცვაში დაეხმარება, თუ რუსეთი ესკალაციას გააგრძელებს. 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს, რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, რის პასუხადაც, პოლონეთმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი უყოყმანოდ ჩამოაგდებს ნებისმიერ ობიექტს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევს. 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს, რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.