თეგი: მანდარინი
მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დაასუბსიდირებს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დაასუბსიდირებს. „საქართველოში 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავლის მიღებაა მოსალოდნელი. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მივიღებთ. ხოლო, სამრეწველო გადამუშავების, ანუ არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიას გავცემთ, რაც ჩვენი ფერმერებისთვის კარგი შეღავათი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15 თეთრიანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. დამატებით 5 თეთრს კი საწარმო გადაიხდის. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
34 800 კგ მანდარინი სარფის საბაჟოდან თურქეთში გააბრუნეს - შემოსავლების სამსახური
სარფში მანდარინებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთიდან მომავალი მანდარინებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, 34 800 კილოგრამ მანდარინში პესტიციდების შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,“ - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.