თეგი: მართვის მოწმობა
შსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ახალი სტანდარტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 25 აპრილიდან "B“ და „BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ახალი სტანდარტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, მსურველები აღნიშნული პრაქტიკული ნაწილის ჩაბარებას შემდეგ ქალაქებში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 25 აპრილიდან "B" და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში შეძლებენ. რაც შეეხება ზუგდიდის სამსახურს, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დასრულებისთანავე. ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება. სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით; მობილური აპლიკაციის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის დაჯავშნით, არაუადრეს 30 დღისა. 365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
25 აპრილიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულოა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 25 აპრილიდან „B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპიანი ხდება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს: - დაუსახლებელ პუნქტებში; - ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; - დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება. იზრდება გამოცდაზე გასვლის საფასურიც და თუკი აქამდე თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად საფასური 40 ლარი იყო, მომავალ მძღოლებს დამატებით, კიდევ 90 ლარის გადახდა მოუწევთ ანუ გამოდის, რომ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველი ნაწილი 40 ლარი რჩება და ამას დაემატება 90 ლარი უკვე მეორე ეტაპზე. „ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გადაინაცვლებს. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის რამდენიმე საგამოცდო მარშრუტია შემუშავებული, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება. გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს როგორც დირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცოდნის დონე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს: საქართველოს მართვის მოწმობას დღეიდან კატარი აღიარებს
კატარში საქართველოს საელჩოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების, მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან, აღიარების შესახებ. "აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობს კატარის ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამარტივებული წესით შეცვლას. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ კატარის ბინადრობის მოწმობას, ყოველგვარი დამატებითი ტესტირების და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლას და შესაბამისი კატეგორიის კატარული მართვის მოწმობის აღებას. რაც შეეხება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამოყენებას კატარში ტურისტულად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ - პირს, რომელიც ფლობს საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, თან ასევე უნდა ჰქონდეს საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ე.წ. საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომლითაც ის შეძლებს ისარგებლოს კატარში ჩამოსვლიდან 3 თვის მანძილზე. დაინტერესებულმა მოქალაქეებმა მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა მიმართონ კატარის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, პირებს მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მოუწევთ
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა (N598) გათვალისწინებული და ის 2023 წლის, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად. შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა.
დღეიდან მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას, მანქანის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატება
1-ელი სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება. 1-ელი სექტემბრიდან, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება. მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, პირებს მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მოუწევთ „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა. გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას ვერ შეასრულებს, მსუბუქ შეცდომად ჩაეთვლება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ლი სექტემბრიდან "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს“, - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.
ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა ბერძნულზე, გამოცდის ჩაბარების გარეშე გახდა შესაძლებელი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ქრისტოს სტაიკურასმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ, მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ ამოქმედდება. ცნობისთვის, მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.