მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.
შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა (N598) გათვალისწინებული და ის 2023 წლის, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.
შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა.