თეგი: მაუწყებლობის შესახებ კანონი

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულების მჭიდრო მონიტორინგს - „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის

ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება საქართველოს რეკომენდაციები მიაწოდოს, - „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს, - ამის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესახებ შეკითხვაზე საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს. ევროკავშირის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით, დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დიალოგი გაიმართოს დაინტერესებულ მხარეებთან. „ჩვეულებრივ, ევროკავშირის დირექტივები მათი შესრულების ზუსტ წესს არ კარნახობენ; ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეულწილად თავისუფლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას, თუ როგორ გადაიტანონ დირექტივები ეროვნულ კანონმდებლობაში. საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა, აუცილებელია, რომ მისი კანონმდებლობა გარკვეულ დებულებებსა და პრინციპებს შეესაბამებოდეს. არასრულწლოვანთა დაცვის და სიძულვილის ენის რეგულირება აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივის (AVMSD) არსებითი ელემენტია, რომელსაც საქართველო უნდა შეესაბამებოდეს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა. გარდა ამისა, „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობის გასაგრძელებლად, საქართველოს კანონმდებლობა დირექტივის კონკრეტულ დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს. ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები, კერძოდ, არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა, ამ საკითხების მოგვარებას ითვალისწინებს. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის არაერთმა ავტორიტეტულმა წარმომადგენელმა გამოთქვა შეშფოთება და მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობაში ეჭვი შეიტანა. ქართულ მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში, ევროკომისია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მარეგულირებელი კომისიის რეალური დამოუკიდებლობისთვის შემდგომი მუშაობის აუცილებლობას. როგორც ვიცით, საქართველომ ასეთი მუშაობის გაგრძელების ვალდებულება აიღო. ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება, საქართველოს რეკომენდაციები მიაწოდოს. რაც შეეხება „უხამსობის“ ცნებას, ის დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომ დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დიალოგი გაიმართოს დაინტერესებულ მხარეებთან,“ - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. “მაუწყებლის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მიღებულია  

ელჩი ჰერჩინსკი: სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული

ევროკავშირის ელჩი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირი შესაბამის ინსტიტუტებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. ელჩი აღნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. „ჩვენ გვაქვს დირექტივა, „აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა“, რომელიც სტანდარტებს ადგენს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ ჰქონდეს ისეთი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებს ეხმიანება და საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა, მოეთხოვება ამ სტანდარტების დაცვა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია აბსოლუტურად აუცილებელი. ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. მოქმედი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავიდა, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. ამასთან, კანონპროექტში არის სხვა ელემენტებიც, მათ შორის, უხამსობის შესახებ. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ყველაფრის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად აუცილებელია, არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს. ის სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამის განსახორციელებლად,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ასევე გაეცანით: ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულების მჭიდრო მონიტორინგს - „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის