თეგი: მებრძოლები
უკარაინაში, ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო დაიღუპა
უკარაინაში ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო: ალან დუდაევი და ოლეგ ალბორივი დაიღუპა. იტყობინება ტელეგრამის არხში სააგენტო „რეს“-ი სოციალური ქსელების მომხმარებლებზე დაყრდნობით. “სროლისგან თავის არიდებისას ოსეთიდან წასული მებრძოლები ავტოავარიაში მოყვნენ, ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, ორი დაიღუპა”,- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულია 12 მებრძოლი (მოხალისეები და რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები). ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მამუკა მდინარაძის თქმით, პირი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, თუ დადასტურდა, რომ ის სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა
„ვხედავთ ინტერვიუებს, რომელშიც სამხედრო პირებს ადასტურებინებენ, რომ უკრაინის სამხედრო შენაერთებში ირიცხებიან, რაზეც არცერთი ცნობა საქართველოს აქამდე არ ჰქონია, თუ ოფიციალურ დონეზე სპეციალურად დაადასტურებენ ამას და შეეცდებიან, უმძიმეს პროვოკაციაზე წავიდნენ, რომ იქნებ, მართლაც ჩამოართვან ვინმეს მოქალაქეობა, ამაზეც ალბათ, ცალკე პიარს ააგებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, მოქალაქეობა პირმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, დაკარგოს, როცა ოფიციალური ცნობები არსებობს, რომ ის სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა. „მე გავაკეთე რეალური შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააფრთხილეს ადამიანი, რომ თუ სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხება, ის მოქალაქეობას კარგავს“, - განაცხადა მდინარაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ომში წასვლის მსურველებს სთავაზობენ ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა „გუშინ ცნობილი გახდა უმძიმესი სკანდალის შესახებ, რომელსაც ორი სრული დღის განმავლობაში უარყოფდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ტელევიზიებისა და სპიკერების მეშვეობით კატეგორიულად უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ვინმე უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანას აორგანიზებს. გუშინ და გუშინწინ საღამოდანვე ე.წ. „სქრინით“ ჩვენ გავიგეთ, რომ პირდაპირ Facebook-ში იყო გამოცხადებული მიიღება და შემდეგ უკვე, ერთ-ერთი ტელევიზიის ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ მსურველებს, მათ შორის, სთავაზობენ ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ეს რას ნიშნავს?! ისინი პიარს აწარმოებენ ამ სკანდალის გადასაფარად, ამბობენ, რომ ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ მიიღო, რომ ვიღაცის დასჯა უნდა. ამ დროს, მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 1983 წლის რედაქციაშიც კი, კანონის ეს ნორმა უცვლელი და ანალოგიური შინაარსით იყო“, - აღნიშნა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.