„ვხედავთ ინტერვიუებს, რომელშიც სამხედრო პირებს ადასტურებინებენ, რომ უკრაინის სამხედრო შენაერთებში ირიცხებიან, რაზეც არცერთი ცნობა საქართველოს აქამდე არ ჰქონია, თუ ოფიციალურ დონეზე სპეციალურად დაადასტურებენ ამას და შეეცდებიან, უმძიმეს პროვოკაციაზე წავიდნენ, რომ იქნებ, მართლაც ჩამოართვან ვინმეს მოქალაქეობა, ამაზეც ალბათ, ცალკე პიარს ააგებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მოქალაქეობა პირმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, დაკარგოს, როცა ოფიციალური ცნობები არსებობს, რომ ის სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა.
„მე გავაკეთე რეალური შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააფრთხილეს ადამიანი, რომ თუ სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხება, ის მოქალაქეობას კარგავს“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ომში წასვლის მსურველებს სთავაზობენ ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
„გუშინ ცნობილი გახდა უმძიმესი სკანდალის შესახებ, რომელსაც ორი სრული დღის განმავლობაში უარყოფდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ტელევიზიებისა და სპიკერების მეშვეობით კატეგორიულად უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ვინმე უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანას აორგანიზებს.
გუშინ და გუშინწინ საღამოდანვე ე.წ. „სქრინით“ ჩვენ გავიგეთ, რომ პირდაპირ Facebook-ში იყო გამოცხადებული მიიღება და შემდეგ უკვე, ერთ-ერთი ტელევიზიის ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ მსურველებს, მათ შორის, სთავაზობენ ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
ეს რას ნიშნავს?! ისინი პიარს აწარმოებენ ამ სკანდალის გადასაფარად, ამბობენ, რომ ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ მიიღო, რომ ვიღაცის დასჯა უნდა. ამ დროს, მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 1983 წლის რედაქციაშიც კი, კანონის ეს ნორმა უცვლელი და ანალოგიური შინაარსით იყო“, - აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.