თეგი: მედიაგარემო
მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა – ქარტია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, საქართველოში მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა, ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია. „აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება". – წერს ქარტია განცხადებაში. 2021 წლის 5 ივლისს, ჰომოფობიურ აქციაზე, დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. მოძალადე ჯგუფები, თავს დაესხნენ „ტვ1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა „პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმაში ბრალდებულ სამ ადამიანს. სტრასბურგის სასამართლოს 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე აქვს წარმოებაში მიღებული. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკუთვნის და მოსარჩელეები „სირცხვილიას" აქტივისტები არიან.
ელჩი დეგნანი: საქართველოში ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე. ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, ელჩმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მისაღებია სრულად. კელი დეგნანის შეფასებით, საქართველო შეინიშნება მედიაგარემოს დავიწროება, რაც ქმნის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირების რისკებს, რაც მათი მხრიდან გამოიწვევს არაინფორმირებულ არჩევანს. „აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედია გარემოს დავიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ხდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რის გამოც ისინი მიიღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას“,- განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია.