თეგი: მეთიუ მილერი
უკრაინა ჩინეთს სამშვიდობო სამიტის საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს - რა პოზიცია აქვს ვაშინგტონს
აშშ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩინეთის მიერ სასარგებლო დიპლომატიური როლის შესრულების პოტენციალს ვეღარ ხედავს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო სამიტს. ჩვენ გვინდა, რომ ის წარმატებული იყოს და ამიტომაც ხედავთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დაესწრება ამ სამიტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას. ამის თქმით, ჩვენ ყოველთვის ცხადი ვიყავით, რომ ჩინეთს შეეძლო, ეთამაშა სასარგებლო დიპლომატიური როლი ამ კონფლიქტის მოგვარებაში, თუ მას ეს სურდა. თუმცა ახლა რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებენ ამ როლის შესრულებას იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ვნახეთ, რომ ჩინეთმა ბოლო თვეების განმავლობაში განახორციელა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აღსადგენად. ასე რომ, ჩვენ კვლავ ვაპირებთ, ჩინეთს ნათლად ვუთხრათ, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ქმედებებს, რომ ჩვენ დავაყენებთ პასუხისმგებლობას ამ ქმედებებზე და ჩვენ მოვისმინეთ, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგებიც იგივეს ამბობენ,“ განაცხადა მილერმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სინგაპურში გამართულ შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტზე ჩინეთს "პუტინის ინსტრუმენტი" უწოდა და ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობასა და შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა. წინა კვირას ჩინეთმა განაცხადა, რომ ის სამშვიდობო სამიტზე დელეგატს არ გააგზავნიდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ ეხმარება ჩინეთი მოსკოვს ომის წარმოებაში, მიუხედავად ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის მიერ წინა წლის სატელეფონო საუბრისას დადებული პირობისა, რომ პეკინი არ ჩაერეოდა რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში. „რუსეთი, ჩინური გავლენისა და ჩინელი დიპლომატების გამოყენებით, აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუშალოს სამშვიდობო სამიტის ჩატარებას," - განაცხადა ზელენსკიმ შანგრი-ლას დიალოგის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის სამშვიდობო კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე თვეში, 15-16 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება. თეთრი სახლი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტი "ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ერთგულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს ქარტიის პრინციპებზე". ჰარისი "კიდევ ერთხელ განუცხადებს მხარდაჭერას უკრაინის ხალხს, როცა ისინი თავს იცავენ რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან."
მილერი: მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი
„მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი,“ - ეს კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამის შეკითხვას უპასუხა. მეთიუ მილერის თქმით, აშშ რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობებს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება. „ჩვენ გვინახავს რუსეთის არამხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ, არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ამას ყოველთვის ფხიზლად ვაკვირდებით. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. როგორც ცნობილია, დაახლოებით, ორი კვირის წინ, საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეიამ სამი გზავნილი გაახმოვანა, ერთ-ერთი მათგანი სწორედ „ყველა ქართველისთვის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების მხარდაჭერას“ მოიცავდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, გასული წლის 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა. NATO მოელის, რომ ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება