„მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი,“ - ეს კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამის შეკითხვას უპასუხა.
მეთიუ მილერის თქმით, აშშ რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობებს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება.
„ჩვენ გვინახავს რუსეთის არამხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ, არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ამას ყოველთვის ფხიზლად ვაკვირდებით. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
როგორც ცნობილია, დაახლოებით, ორი კვირის წინ, საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეიამ სამი გზავნილი გაახმოვანა, ერთ-ერთი მათგანი სწორედ „ყველა ქართველისთვის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების მხარდაჭერას“ მოიცავდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ.
შეგახსენებთ, გასული წლის 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“
ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.