თეგი: მეუფე გრიგოლი
მეუფე გრიგოლი: საქართველოსა და ქართულ ეკლესიაში არეულობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აწყობს
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს ირგვლივ არსებულ ინფორმაციას გამოძიება გამოიკვლევს. მან ამის შესახებ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ ისაუბრა. „არ მჯერა იმ ამბის, ვიდრე დადასტურებული არ იქნება კვალიფიციურად. იმიტომ, რომ ახლა ეს მოწამვლის თემები ძალიან უცნაურად გახშირდა და მე გეტყვით, რომ ყველაზე დიდი საწამლავი, ჩემო ძვირფასებო, არის სიტყვა ადამიანისა, რომელიც ბოროტებით არის აღვსილი და რომელიც ვერ აკონტროლებს თავის სიტყვას, მინდა ეს იცოდეთ - ყველანაირ დარიშხანზე, ყველანაირ ციანიდზე, ყველა უბედურებაზე, თანამედროვე საწამლავებზე მძიმეა. მე თხოვნა მაქვს, ამას ვთხოვ ჩვენს მრევლს, სულიერ შვილებს, რომ ნუ მოვწამლავთ ერთმანეთს, ნუ მოვხსნით აღვირს ამ ენას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. მაგ საქმეს სჭირდება გამოძიება. იმედი მაქვს, რომ თუ ამ დონეზეა ეს საკითხი და გამოძიება წარიმართება, გამოძიება გამოიკვლევს ამას,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. კითხვას, ვის შეიძლება მეუფე შიო მოეწამლა, ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა ასე უპასუხა „ვინც ამით იყო დაინტერესებული“. „ეს იქნებოდა ის, ვინც ამით იქნებოდა დაინტერესებული და მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ასეთი ვინმე, მაგრამ ზოგადად ვის აწყობს არეულობა საქართველოში და ვის აწყობს არეულობა საქართველოს ეკლესიაში, ეს მე ნამდვილად ვიცი - ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. ჩემი მხრიდან სერიოზული არ არის ვისაუბროთ ვარაუდებზე, ჭორებსა და ფანტაზიებზე. საერთოდ უშნოდ არის ატეხილი ამბავი ამ თემის ირგვლივ, მე ასე მგონია. ეს არ არის სასარგებლო ეკლესიისთვის, ზოგადად ეს თემა უკვე ზიანის შემქმნელია, არა თუ ვინმესთვის სარგებლის მომტანი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მეუფე გრიგოლი საშობაო გზავნილში, საეკლესიო დღესასწაულთა თარიღებთან დაკავშირებით საუბრობს
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით, საშობაო ეპისტოლეში საუბრობს. „საეკლესიო დღესასწაულთა თარიღები დადგენილია (ასე ხდება დღესაც) ეკლესიის კანონიკურ იერარქთა ერთობის მიერ და თუ მათი ცვლილების გარდაუვალი აუცილებლობა დადგება, ეკლესია იმსჯელებს ამაზე, თუმცა, გაუმართლებლად და დაუშვებლად მივიჩნევ, რომ აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთო შიდა ეკლესიური ერთობისთვის საფრთხედ ვაქციოთ; აქვე იმასაც დავსძენ, რომ ასევე აბსოლუტურად გაუმართლებლად მივიჩნევ ახალ სტილზე მყოფი ეკლესიების მოხსენიებას ჭეშმარიტებისგან განდგომილებად, მით უფრო, რომ ჩვენ ევქარისტიულ ურთიერთობაში ვართ თითოეულ მათგანთან და მსგავსი შეფასებები (ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს) მათ ავტორებს არასახარბიელო კუთხით წარმოაჩენს (უპირველესად) დედა ეკლესიის წინაშე. მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს და ამაში გვარწმუნებს ეკლესიის მიერ დღემდე განვლილი გზა,“ - წერს საშობაო გზავნილში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით.