მეუფე გრიგოლი: საქართველოსა და ქართულ ეკლესიაში არეულობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აწყობს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს ირგვლივ არსებულ ინფორმაციას გამოძიება გამოიკვლევს.

მან ამის შესახებ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„არ მჯერა იმ ამბის, ვიდრე დადასტურებული არ იქნება კვალიფიციურად. იმიტომ, რომ ახლა ეს მოწამვლის თემები ძალიან უცნაურად გახშირდა და მე გეტყვით, რომ ყველაზე დიდი საწამლავი, ჩემო ძვირფასებო, არის სიტყვა ადამიანისა, რომელიც ბოროტებით არის აღვსილი და რომელიც ვერ აკონტროლებს თავის სიტყვას, მინდა ეს იცოდეთ - ყველანაირ დარიშხანზე, ყველანაირ ციანიდზე, ყველა უბედურებაზე, თანამედროვე საწამლავებზე მძიმეა.

მე თხოვნა მაქვს, ამას ვთხოვ ჩვენს მრევლს, სულიერ შვილებს, რომ ნუ მოვწამლავთ ერთმანეთს, ნუ მოვხსნით აღვირს ამ ენას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. მაგ საქმეს სჭირდება გამოძიება. იმედი მაქვს, რომ თუ ამ დონეზეა ეს საკითხი და გამოძიება წარიმართება, გამოძიება გამოიკვლევს ამას,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.


კითხვას, ვის შეიძლება მეუფე შიო მოეწამლა, ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა ასე უპასუხა „ვინც ამით იყო დაინტერესებული“.

„ეს იქნებოდა ის, ვინც ამით იქნებოდა დაინტერესებული და მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ასეთი ვინმე, მაგრამ ზოგადად ვის აწყობს არეულობა საქართველოში და ვის აწყობს არეულობა საქართველოს ეკლესიაში, ეს მე ნამდვილად ვიცი - ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი.

ჩემი მხრიდან სერიოზული არ არის ვისაუბროთ ვარაუდებზე, ჭორებსა და ფანტაზიებზე. საერთოდ უშნოდ არის ატეხილი ამბავი ამ თემის ირგვლივ, მე ასე მგონია. ეს არ არის სასარგებლო ეკლესიისთვის, ზოგადად ეს თემა უკვე ზიანის შემქმნელია, არა თუ ვინმესთვის სარგებლის მომტანი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.